მოსკოვმა სირიაში, ქამიშლის აეროპორტიდან ჯარების გაყვანა დაიწყო, სადაც რუსული ძალები 2019 წლიდან იყვნენ - მედია

Reuters-ის ცნობით, რუსეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე აეროპორტიდან ძალებს გაიყვანს. ორი წყაროს ცნობით, რუსულმა ძალებმა გასულ კვირას კამიშლის აეროპორტიდან თანდათანობითი გასვლა დაიწყეს. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, მოსალოდნელი იყო, რომ ზოგიერთი ძალები დასავლეთ სირიაში, რუსეთის ჰმეიმის საჰაერო ბაზაზე გადავიდოდა, ზოგი კი, რუსეთში დაბრუნდებოდა.


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. რუსულმა გაზეთმა „კომერსანტმა“ გასულ კვირას, სირიულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სირიის მთავრობამ შესაძლოა, რუსულ ძალებს ბაზის დატოვება მოსთხოვოს ქურთების განდევნის შემდეგ, რადგან „მათ (რუსებს) იქ არაფერი ესაქმებათ.“


კიდევ ერთი სირიული უსაფრთხოების წყაროს ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, რუსული სამხედრო მანქანები და მძიმე შეიარაღება ქამიშლიდან ჰმეიმის სამხედრო აეროდრომზე გადაიტანეს.


„რუსეთს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე აეროპორტიდან ძალებს გაჰყავს - მოსკოვი ქვეყნის ამ კუთხეში სამხედრო ყოფნას წყვეტს, სადაც დამასკოს მთავრობა ქურთული ძალებისთვის კონტროლის ჩამორთმევას ცდილობს. რუსეთს ჩრდილო-აღმოსავლეთში, კამიშლის აეროპორტში ძალები 2019 წლიდან ჰყავს განლაგებული, რაც შედარებით მცირე რაოდენობაა სირიის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე მის საჰაერო ბაზასთან და საზღვაო ობიექტთან შედარებით, რომელთა შენარჩუნებაც, სავარაუდოდ, მას შეუძლია,“ წერს Reuters-ი.


სააგენტო ასევე წერს, რომ მიმდინარე თვეში საბრძოლო მოქმედებების შედეგად, სირიის სამთავრობო ძალებმა ქურთების მეთაურობით მოქმედი „სირიის დემოკრატიული ძალების“ (SDF) მიერ კონტროლირებადი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიები დაიკავეს. გასულ კვირას მხარეებმა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. შაბათს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 15 დღით გახანგრძლივდა.