8 დეკემბერს, სირიაში ბაშარ ალ ასადის ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ამბოხებულთა შეიარაღებული ჯგუფები ქვეყნის დედაქალაქ დამასკოს აკონტროლებენ. სირიაში ასადების ოჯახის 50-წლიანი მმართველობა ოფიციალურად დასრულდა. დამასკოს ქუჩებში გამოვიდა ოპოზიციის ათასობით მომხრე და ისინი გამარჯვებას ზეიმობენ.
სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ ადამიანთა ჯგუფის ვიდეო აჩვენა, რომლის თანახმად, პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი ჩამოგდებულია და ყველა პატიმარი გათავისუფლებულია. ამავე წყაროს გავრცელებული ცნობით, გაიმარჯვა ოპოზიციურმა ჯგუფმა - „დამასკოს აღების ოპერატიული ოთახი." ჯგუფმა ყველა მეამბოხეს და მოქალაქეს მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და გადაარჩინონ „თავისუფალი სირიის სახელმწიფოს“ ინსტიტუტები.
ბოლო წლებში თურქეთი მხარს უჭერდა ოპოზიციას ჩრდილო-დასავლეთით და მის საზღვრებთან. შეერთებულმა შტატებმა, რომელსაც ჯერ კიდევ 900 ჯარისკაცი ჰყავს ადგილზე, მხარს უჭერდა ქურთების ხელმძღვანელობით შექმნილ ალიანსს, რომელიც ISIS-ს {დაეში} 2014-2017 წლებში ებრძოდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა, რომ ასადის დაცემა იყო პირდაპირი შედეგი იმ დარტყმების, რაც ისრაელმა ირანს და მის ლიბანელ მოკავშირეს „ჰეზბოლას“ მიაყენა.
ასადის მმართველობამ სირია თითქმის 14-წლიან, დაუსრულებელ სამოქალაქო ომამადე მიიყვანა, 23-მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი კი, დევნილად აქცია. ასადის დამხობის შემდეგ, რუსეთის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ რუსეთმა ბაშარ ალ-ასადს და მისი ოჯახის წევრებს თავშესაფარი მისცა.
-
დონალდ ტრამპი: ასადი გაიქცა - მისი მფარველი, რუსეთი, პუტინის მეთაურობით, აღარ იყო დაინტერესებული მისი დაცვით
-
კალასი: ასადის დიქტატურის დასასრული პოზიტიური და დიდი ხნის ნანატრი მოვლენაა, რომელიც აჩვენებს ასადის მხარდამჭერების, რუსეთისა და ირანის სისუსტეს