ტრამპი ირანს კიდევ ერთხელ აფრთხილებს

აშშ-ის პრეზიდენტი ირანს კიდევ ერთხელ აფრთხილებს. დონალდ ტრამპი თეირანს „სამართლიანი შეთანხმების“ გაფორმებისკენ მოუწოდებს.


„ირანისკენ უზარმაზარი არმადა მიემართება. ის სწრაფად გადაადგილდება დიდი ძლიერებითა და ენთუზიაზმით. ეს ფლოტი, რომლის სათავეშიც ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ დგას, ვენესუელაში გაგზავნილ ფლოტზე უფრო დიდია. ვენესუელის შემთხვევის მსგავსად, ის მზადაა და შეუძლია, სწრაფად შეასრულოს თავისი მისია, საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით. ვიმედოვნებ, ირანი სწრაფად „მოვა მოლაპარაკების მაგიდასთან“, სამართლიან და თანასწორ შეთანხმებას გააფორმებს – ბირთვული იარაღის გარეშე – რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველა მხარისთვის,“- წერს ტრამპი Truth Social-ზე.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „ახლა დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.“


„როგორც ირანს ერთხელ უკვე ვუთხარი: გააფორმეთ შეთანხმება! მათ ეს არ გააკეთეს და შემდეგ იყო „ოპერაცია შუაღამის ჩაქუჩი“, რასაც ირანის მასშტაბური განადგურება მოჰყვა. შემდეგი თავდასხმა გაცილებით ძლიერი იქნება. არ დაუშვათ, რომ ეს ისევ მოხდეს,“ - აცხადებს დონალდ ტრამპი.