ყაზახეთის პრეზიდენტის შეფასებით, ადამიანებმა თავიანთი გამოსვლების წერაც კი შეწყვიტეს და ეს საქმე Grok-სა და ChatGPT-ს გადააბარეს. ამის შესახენ ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ფინანსური მონიტორინგის სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე შეფასებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ ძირითად სფეროებს, როგორიცაა, განათლება და ჯანდაცვა, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია და გავლენას ახდენს ერის მომავალზე.
„ამ სფეროებში დარღვევები უხვადაა. ფინანსური ტრანზაქციების მონიტორინგისას მნიშვნელოვანია თანამედროვე მიდგომების გამოყენება კონკრეტული შედეგების მისაღწევად. მთავარი მიზანი არა ყოვლისმომცველი აუდიტი, არამედ, ქვეყნის ეკონომიკისთვის საფრთხის შემცველი გამოწვევების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება. ამავდროულად, უმნიშვნელოვანესია მოქმედება გადაჭარბების გარეშე.
ვიმეორებ: სააგენტოს თანამშრომლების მთავარი ამოცანა არ არის ფინანსური ინსტიტუტების ყოვლისმომცველი აუდიტი, არამედ, ქვეყნის ეკონომიკისთვის რისკების იდენტიფიცირება და მათი შემცირებისთვის დროული ზომების მიღება. და აქ, უფრო მეტად, ვიდრე სხვაგან, აუცილებელია ციფრული მეთოდები; სასარგებლო იქნებოდა არამხოლოდ ხელოვნური ინტელექტი, არამედ, მშობლიური ინტელექტიც.
შევამჩნიე, რომ ხალხმა ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობა დაიწყო; მათ თავიანთი გამოსვლების წერაც კი შეწყვიტეს და ეს საქმე Grok-სა და ChatGPT-ს გადააბარეს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები სათანადოდ არ სწავლობენ; ისინი სათანადო განათლებას არ იღებენ, სამაგიეროდ, სწავლობენ, თუ როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა გზით. ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენაა.
მე ველოდები, რომ ფინანსური დაზვერვის ოფიცრები ნამდვილ პატრიოტიზმს გამოავლენენ - პასუხისმგებლიანს და შემოქმედებითს - რაც შეუთავსებელია კორუფციასთან, სიხარბესთან და გაუნათლებლობასთან. გაუნათლებელი ადამიანი, განსაკუთრებით, ხარბი, კორუფციისკენ მიდრეკილი ადამიანი, ვერ იქნება პატრიოტი.
რა თქმა უნდა, მათ შეიძლება, საკუთარ თავს პატრიოტები უწოდონ და გარკვეული ლოზუნგებიც გამოაცხადონ, მაგრამ სინამდვილეში ისინი პატრიოტები არ არიან და ეს ყველამ იცის. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ პატრიოტიზმი სწორად გავიგოთ. ამჟამად ახალი კონსტიტუციის ტექსტზე ვმუშაობთ და მჯერა, რომ შევძლებთ პატრიოტიზმის თეზისის ჩამოყალიბებას - პასუხისმგებლიანი და შემოქმედებითი პატრიოტიზმს.
ნამდვილმა პატრიოტმა ყველა სფეროში კარგად უნდა იმუშაოს, იქნება ეს ფინანსური მონიტორინგის სააგენტო, სახელმწიფო საწარმო, კერძო საწარმო, უნივერსიტეტი თუ სკოლა. ყველამ კარგად უნდა იმუშაოს თავის სფეროში და შემდეგ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ისინი პატრიოტები არიან. საერთო ჯამში, ამ ზომებმა არ უნდა შეაფერხოს სახელმწიფოს ძალისხმევა სოციალური ვალდებულებების შესასრულებლად ან უარყოფითად იმოქმედოს ბიუჯეტის სახსრების დროულ განაწილებაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს ინფორმაციული და კომერციული უსაფრთხოება, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვა,“ აღნიშნა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა.