აშშ ინდოეთში წარმოებულ პროდუქტებზე ტარიფებს 25%-დან 18%-მდე ამცირებს, ინდოეთი კი, რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტას დათანხმდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო დღეს დილით ინდოეთის პრემიერმინისტრ მოდისთან საუბარი. ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი და თავისი ქვეყნის ძლიერი და პატივცემული ლიდერია. ჩვენ მრავალ საკითხზე ვილაპარაკეთ, მათ შორის, ვაჭრობასა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე. ის დათანხმდა, შეწყვიტოს რუსული ნავთობის ყიდვა და ბევრად მეტი შეიძინოს შეერთებული შტატებისგან, პოტენციურად, ვენესუელისგანაც. ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს, მაშინ, როდესაც ყოველ კვირას ათასობით ადამიანი იღუპება!,“ - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ტრამპმა სავაჭრო შეთანხმებაზეც ისაუბრა.
„პრემიერ მოდისადმი მეგობრობისა და პატივისცემის ნიშნად და მისი თხოვნის შესაბამისად, დაუყოვნებლივ ძალაში შესვლით, ჩვენ შევთანხმდით სავაჭრო შეთანხმებაზე შეერთებულ შტატებსა და ინდოეთს შორის, რომლის მიხედვითაც, შეერთებული შტატები დააწესებს შემცირებულ ორმხრივ ტარიფს და მას 25%-დან 18%-მდე დაწევს. ისინი, თავის მხრივ, გადადგამენ ნაბიჯებს შტატების წინააღმდეგ არსებული ტარიფებისა და არატარიფული ბარიერების ნულამდე დასაყვანად,“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოდიმ ასევე აიღო ვალდებულება, რომ ინდოეთი 500 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აშშ-ის ენერგეტიკულ, ტექნოლოგიურ, სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროდუქტებს შეიძენს.
„ასევე, ისინი აშშ-ის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფებისა და არასატარიფო ბარიერების ნულამდე შემცირების მიზნით ნაბიჯებს გადადგამენ. ინდოეთთან ჩვენი შესანიშნავი ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება. პრემიერ-მინისტრი მოდი და მე ორი ადამიანი ვართ, რომლებიც საქმეებს აკეთებენ, რასაც უმეტესობის შესახებ ვერ ვიტყვით,“ - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
თავის მხრივ, მოდიმ დონალდ ტრამპს ინდოეთში წარმოებულ პროდუქტებზე ტარიფების შემცირებისთვის მადლობა გადაუხადა.
ცნობისთვის, 2025 წლის აგვისტოში, დონალდ ტრამპმა ინდოეთიდან იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო ტარიფები გააორმაგა და 50%-მდე გაზარდა, რათა ზეწოლა მოეხდინა ნიუ-დელიზე, რათა ნიუ-დელი იძულებული გამხდარიყო, შეეწყვიტა რუსული ნავთობის შეძენა. ამ თვის დასაწყისში მან ასევე განაცხადა, რომ თუ ინდოეთი არ შეამცირებს რუსული ნავთობის ყიდვას, ტარიფები შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
ვენესუელური ნავთობის შეძენა ინდოეთს საშუალებას მისცემდა, ნაწილობრივ ჩაენაცვლებინა ის რუსული ნავთობი, რომელსაც ახლა ყიდულობს. ინდოეთი მსოფლიოში ნავთობის იმპორტიორებს შორის მესამე ადგილზეა.
ინდოეთი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნავთობის იმპორტზე — საკუთარი მოთხოვნის დაახლოებით 90%-ს სწორედ იმპორტით აკმაყოფილებს. 2022 წელს, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და დასავლურმა ქვეყნებმა მოსკოვის ენერგოექსპორტზე სანქციები დააწესეს, იაფი რუსული ნავთობის იმპორტმა ინდოეთს ნავთობის შესყიდვის ხარჯების შემცირებაში შეუწყო ხელი.
ბოლო პერიოდში ინდოეთმა რუსეთიდან ნავთობის შესყიდვების შემცირება დაიწყო. Reuters-ის ცნობით, იანვარში იმპორტის მოცულობა დღეში დაახლოებით 1.2 მილიონ ბარელს შეადგენდა, თებერვალში კი, ეს მაჩვენებელი დაახლოებით ერთ მილიონ ბარელამდე უნდა შემცირდეს, ხოლო მარტში — დაახლოებით 800 ათას ბარელამდე.
ვაშინგტონის მიერ დაწესებული ტარიფების შემდეგ ინდოეთის საფონდო ბაზრები მნიშვნელოვნად დაზარალდა, რის გამოც, 2025 წელს ინდოეთი განვითარებად ქვეყნებს შორის ყველაზე სუსტად მოქმედ ბაზრად ითვლება. ამას თან ერთვის უცხოელი ინვესტორების კაპიტალის რეკორდული გადინება.