რუტე უკრაინის რადაში: უკრაინა უნდა დარწმუნდეს, რომ მშვიდობა იქნება ხანგრძლივი — არა ხელმოწერილი დოკუმენტებით, არამედ, მტკიცე ძალით

NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში 3 თებერვალს ჩავიდა, როდესაც რუსეთმა ღამით, უკრაინაზე ფართომასშტაბიანი დარტყმა დაიწყო. 


რუტემ 3 თებერვალს უკრაინის უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინა ალიანსის უსაფრთხოებისთვის კვლავაც არის და იქნება არსებითი.


„პუტინს დიდხანს ეგონა, რომ დრო ჩვენ წინააღმდეგ იმუშავებდა; რომ უკრაინა სუსტია; რომ თქვენი მხარდამჭერები დაიღლებოდნენ; რომ ჩვენი ნებისყოფა შეირყეოდა. ის მწარედ ცდებოდა. უკრაინა ძლიერია და ჩვენი მხარდაჭერა - ურყევი,“ - განაცხადა რუტემ. 


NATO-ს გენერალური მდივანი უკრაინისთვის საჭირო საჰაერო თავდაცვით სისტემებზე საუბრისას ხაზს უსვამს, რომ მეტია საჭირო და ამისთვის მუშაობენ. მან მოუწოდა მოკავშირეებს, უფრო ღრმად ჩაიხედონ თავიანთ მარაგებში და რაც შეუძლიათ, უკრაინის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გამოყონ.


„კარგი ამბავი ის არის, რომ მოკავშირე ქვეყნებში და აქაც - უკრაინაშიც - მნიშვნელოვნად იზრდება თავდაცვითი წარმოება. ჩვენ თქვენგან ვსწავლობთ. თქვენ ინოვაციებს ნერგავთ უნიკალური და შთამბეჭდავი გზებით და შედეგად, წარმოებაზე NATO-ს მრავალი ქვეყანა მუშაობს თქვენთან თანამშრომლობით და პირდაპირ ინვესტირებას ახდენს თქვენს თავდაცვის ინდუსტრიაში. ჩვენ ყველანი ვიღებთ სარგებელს ამ თანამშრომლობით. რაც უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება, მით უფრო შეგვიძლია თქვენი მხარდაჭერა - და მით უკეთ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ ჩვენი საერთო უსაფრთხოება NATO-ში,“ - განაცხადა რუტემ.


NATO-ს გენერალური მდივნის შეფასებით, რუსეთის ბოლო თავდასხმა ადასტურებს, რომ ის მშვიდობის მიმართ სერიოზულად არ არის განწყობილი.


„პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეს მნიშვნელოვანი პროგრესია. თუმცა რუსეთი თავდასხმას აგრძელებს, როგორც ეს გასულ ღამეს გააკეთა. ეს მშვიდობის მიმართ მათ არასერიოზულ განწყობას ადასტურებს. ვიცით, რომ რუსეთი ამ ომისთვის მძიმე ფასს იხდის — დღემდე ერთ მილიონზე მეტი მსხვერპლი და ზრდადი ზიანი. მიუხედავად იმისა, რომ პუტინი მზად არის, საკუთარი ხალხის უდიდესი ნაწილი შესწიროს, გამარჯვებას ვერ აღწევს, ხოლო ბრძოლის ველზე მიღწეული მცირედი პროგრესი შენელებულია. ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ბელორუსი კვლავ მხარს უჭერენ რუსეთის ომის მანქანას, მაგრამ პუტინის ეკონომიკა იზოლაციის ზემოქმედებას განიცდის, ხოლო რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ზრდადი წნეხიც შედეგს იძლევა,“ -  განაცხადა რუტემ.


მისი გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები იყო. NATO-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ დასავლელი პარტნიორები რუსეთზე ზეწოლას და უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ. მან აღნიშნა, რომ უკრაინელებმა უნდა იცოდნენ, რომ მშვიდობა არ იქნება უბრალოდ ქაღალდზე ხელმოწერით გაფორმებული, არამედ, ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, უკრაინას, ძლიერი შეიარაღებული ძალების გარდა, მყარად გარანტირებული უსაფრთხოება სჭირდება. 


  • „თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა, თქვენი მშვიდობა ჩვენი მშვიდობაა და ის სამართლიანი და ხანგრძლივი უნდა იყოს.“

აშშ-მ, ევროპამ და კანადამ დაადასტურეს მზადყოფნა, უზრუნველყონ უკრაინას ის გარანტიები, რაც მშვიდობის ფორმირებისათვის აუცილებელია. რამდენიმე ევროპელმა მოკავშირემ უკვე დააანონსა, რომ შეთანხმების მიღების შემდეგ, ჯარი განთავსდება უკრაინაში — მიწაზე ჯარი, ჰაერში თვითმფრინავები, შავ ზღვაზე ხომალდები. აშშ იქნება უკანა სარეზერვო რგოლი, სხვა ქვეყნები კი, სხვა გზებით დაეხმარებიან.


უსაფრთხოების გარანტიები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ვიცით, რომ ამ საშინელი ომის დასრულებაზე შეთანხმების მიღწევა რთულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.


უკრაინამ სრულიად დარწმუნებით უნდა იცოდეს, რომ ეს მშვიდობა იქნება მყარი და ხანგრძლივი — არა ხელმოწერილი დოკუმენტებით, არამედ, მტკიცე ძალით, რომელიც მას გაამყარებს. თქვენ სამართლიანად არ გსურთ კიდევ ერთი ბუდაპეშტის მემორანდუმი ან მინსკის შეთანხმება. უკრაინის უსაფრთხოების საფუძველი პირველ რიგში, თავად ქვეყნის ძალა და მეგობრებისგან მიღებული მყარი, გარანტირებული მხარდაჭერაა.


პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდი მიზნად ისახავენ სისხლისღვრის შეჩერებას ამერიკის მოკავშირეების მხარდაჭერით — და ნათელია, რომ უკრაინაც მზად არის,“ - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.