NATO-მ მისია „არქტიკის გუშაგი“ დაიწყო

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არქტიკის რეგიონში თავის სამხედრო ყოფნას აძლიერებს.


NATO-მ განაცხადა, რომ მისია “არქტიკის გუშაგს“ იწყებს.


„ახალი მისია, Arctic Sentry, კოორდინაციას გაუწევს მოკავშირეების მზარდ სამხედრო ყოფნას რეგიონში, მათ შორის, ისეთ წვრთნებს, როგორიცაა დანიის „Arctic Endurance გრენლანდიაზე,“ - ნათქვამია ალიანსის სამხედრო შტაბის განცხადებაში.


„Arctic Sentry ხაზს უსვამს ალიანსის ერთგულებას, დაიცვას თავისი წევრები და შეინარჩუნოს სტაბილურობა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან და გარემოსდაცვით რთულ რეგიონში,“ - განაცხადა თავის მხრივ, აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა ალექსუს გრინკევიჩმა, ევროპაში NATO-ს მოკავშირე ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა.


უფრო ადრე, ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი შტაბის წარმომადგენელმა მარტინ ო’დონელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ NATO-ს გაძლიერებული სიფხიზლის აქტივობა“ „კიდევ უფრო გააძლიერებს ალიანსის პოზიციას არქტიკასა და შორეულ ჩრდილოეთში.“ მან დამატებითი დეტალების გავრცელებისგან თავი შეიკავა.

ალიანსის გენმდივანი მარკ რუტე და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, რომ NATO უფრო დიდ როლს შეასრულებს არქტიკის დაცვაში, ხოლო დანია, აშშ და გრენლანდია გრენლანდიასთან დაკავშირებულ შემდგომ დისკუსიებს გამართავენ.

 თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ NATO-ს Arctic Sentry მისიაში.

ალიანსის ახალი გეგმების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გერმანულმა ჟურნალმა „შპიგელმა“ გაავრცელა, როდესაც NATO-ს მეთაურმა, აშშ-ის გენერალმა ალექსუს გრინკევიჩმა „არკტიკის გუშაგის“ სახელწოდების მქონე მისიის დაწყების კონკრეტული გეგმების შესახებ ისაუბრა. გამოცემის ცნობით, რომ NATO-ს თავდაცვის მინისტრები შესაძლოა, უახლოეს კვირებში შეხვდნენ ბრიუსელში, სადაც ოპერაციის წინასწარი გეგმების შესახებ კონსულტაციებს  გამართავენ.

იანვარში, დავოსში ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ განიხილეს, თუ როგორ შეუძლიათ მოკავშირეებს ერთობლივად იმუშაონ არქტიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, არამხოლოდ გრენლანდიაში, არამედ, NATO-ს შვიდი ქვეყნის, რომლებსაც არქტიკაში მიწა აქვთ.

დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადა, რომ ძალიან სასიხარულოა, რომ ალიანსის მისიის სამხედრო დაგეგმვა მიმდინარეობს. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვითანამშრომლოთ ჩვენს მოკავშირეებთან არქტიკასა და ჩრდილო ატლანტიკაში უსაფრთხოების გასაზრდელად,“ - დაწერა მან სოციალურ პლატფორმა X-ზე.