4 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მინისტრის მოადგილეს ლაშა დარსალიასა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს უფროსს ბრენდან ჰანრაჰანს შორის შეხვედრის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
უწყების ინფორმაციით, ლაშა დარსალია ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ბრენდან ჰანრაჰანს.
სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოლტერი.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობას და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები. ამერიკულმა მხარემ დაადასტურა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ანონსის გარდა, შეხვედრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
მხარეებმა „სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს, რაც გამომდინარეობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით, 2025 წლის 8 აგვისტოს მიღწეული ისტორიული სამშვიდობო შეთანხმებიდან,“ - განაცხადა დეპარტამენტის სპიკერმა ონლაინ გამოცემა Independence Avenue Media-ს.
სპიკერის განცხადებით, ჰანრაჰანსა და დარსალიას „3 თებერვალს კონსტრუქციული საუბარი ჰქონდათ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის საერთო ინტერესის საკითხებზე.“
მინისტრის მოადგილე, ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებს.
საქართველოს საელჩოში გამართული შეხვედრის შესახებ, საელჩოს მიერ 4 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაგეგმარების პოლიტიკის უფროს მრჩეველ ჯონათან ასკონასსთან და სპეციალურ თანაშემწე ჩარლზ იოკისთან შეხვედრაზე, ქართულმა მხარემ „კვლავ გამოხატა აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.“
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 5 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა დარსალიამ, ასევე შეხვედრა გამართა აშშ-ის კომერციის დეპარტამენტში, მდივნის მოადგილეებთან - ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში - უილიამ კიმიტთან; ინდუსტრიისა და უსაფრთხოების საკითხებში - ჯეფრი კესლერთან. მხარეებმა „სატრანსპორტო-ლოგისტიკის, რეგიონული ვაჭრობის, ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციების მიმართულებით საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის განვითარება“ განიხილეს.
ამასთან, შეხვედრაზე „საუბარი შეეხო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამ მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოს როლზე. ამ კონტექსტში, მხარეებმა განიხილეს მზაობა მაღალი ტექნოლოგიების სექტორში ამერიკული ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.“
ცნობისთვის, უფროსი მრჩეველი ჯონათან ასკონასი თბილისში რეგიონული ტურნეს ფარგლებში 2025 წლის ნოემბერში იმყოფებოდა - იმის გასარკვევად, როგორ შეძლებს საქართველო, მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP). ბრანდან ჰანრაჰანი კი, 2025 წლის სექტემბერში, სომხეთსა და აზერბაიჯანში იმყოფებოდა. ამ ვიზიტისას ცნობილი გახდა, რომ აშშ საწყის ეტაპზე 145 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას გამოყოფდა „ტრამპის მარშრუტის“ განსავითარებლად.
მიმდინარე წლის იანვარში, აშშ-ის სავაჭრო და განვითარების სააგენტოს (USTDA) ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, ევროპისა და ევრაზიის რეგიონული დირექტორის კარლ კრესის ხელმძღვანელობით, ამერიკული დელეგაცია აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოე ეწვია.
შეგახსენებთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.