შუა დერეფანი: რა წერია ევროკავშირის მეტაანალიზში

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მეტაანალიზის თანახმად, ბოლო დროს მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ტრანსკასპიის სატრანსპორტო დერეფანი (TCTC) კვლავ ოპერაციულ დაბრკოლებებს აწყდება. კერძოდ,


  • ფრაგმენტული ლოგისტიკა;

  • მრავალი სასაზღვრო ბარიერი;

  • ციფრული განვითარების ნაკლებობა;



ევროკომისიამ 6 თებერვალს გამოაქვეყნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მეტაკვლევა, რომელიც ხაზს უსვამს ინვესტიციების საჭიროებას საიმისოდ, რომ დერეფნის გასწვრივ კავშირები გაძლიერდეს. დოკუმენტის ავტორია გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატი.

კვლევაში საუბარია ძირითად მონაკვეთებზე, სადაც ინფრასტრუქტურა მოძველებულია ან არ შეესაბამება დღევანდელ მოცულობებს. დასკვნა მყარ საფუძველს ქმნის საინვესტიციო პრიორიტეტების დასადგენად, რაც სამხრეთ კავკასიის გავლით ცენტრალური აზიისკენ მიმავალი სავაჭრო გზების აღდგენის კონტექსტში, ევროკავშირის გეგმებს შეესაბამება.

კვლევის ავტორების შეფასებით, ერთგვარი პრაქტიკული სახელმძღვანელო მთავრობებსა და კერძო სექტორს მკაფიო წარმოდგენას შეუქმნის იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება წვლილის შეტანა თანამედროვე და საიმედო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. მეტაკვლევა ჩამოყალიბებულია სამი ძირითადი სვეტის გარშემო: ტრანსპორტი და ვაჭრობა, ენერგეტიკა და ციფრული განვითარება.

„სამხრეთ კავკასიაში ბოლო დროს განვითარებული გეოპოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, შუა დერეფანს შეუძლია, ოპერაციული სარგებელი მოიპოვოს სამხრეთ კავკასიის გავლით განშტოებების შექმნით, მათ შორის, აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს შორის კავშირების აღდგენით. ამან შეიძლება, სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაცია კიდევ უფრო მეტად მოახდინოს და პოტენციურად, გადატვირთულ მონაკვეთებზე საცობები შეამსუბუქოს,“ - ასკვნის კვლევა.


კვლევაში ასევე ხაზგასმულია უკრაინისა და მოლდოვის მზარდი როლი ევროპის მცდელობებში, მოახდინოს დივერსიფიკაცია და გააძლიეროს მისი ფართო სატრანსპორტო ქსელი.


ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ბანკმა ასევე გამოკვეთა ძირითადი დაბრკოლებები და საინვესტიციო საჭიროებები, რომლებიც 2030 წლისთვის უნდა მოგვარდეს დერეფნის გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად.


კვლევაში ხაზგასმულია, რომ:


  • ევროკავშირისთვის შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია. რეგიონი და მისი მეზობელი ქვეყნები კი, ერთგვარი კარიბჭეა, რომელიც ევროპას თურქეთთან, სამხრეთ კავკასიასთან, ცენტრალურ აზიასთან და სხვა რეგიონებთან აკავშირებს.“

„ჩრდილოეთის დერეფნის საიმედოობა მცირდება, ხოლო სამხრეთის მარშრუტის განვითარება შენელებულია.


ამ ვითარებაში, ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტი ვითარდება, როგორც ყველაზე პერსპექტიული მიმართულება, რომელიც უზრუნველყოფს მდგრად, მრავალფეროვან და გეოპოლიტიკურად გამძლე მრავალმოდალურ კავშირს ევროპასა და აზიას შორის.


რეგიონში სატვირთო ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდა და 8 აგვისტოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება კიდევ უფრო აძლიერებს ტრანსკასპიური მარშრუტის პოზიციას, როგორც ყველაზე ოპტიმალურ გზას მდგრადი, მრავალფეროვანი და საიმედო რეგიონული კავშირის უზრუნველსაყოფად,“ - ნათქვამია მეტაანალიზში. მისივე თანახმად, 2022 წლიდან ამ მარშრუტზე ვაჭრობა ოთხჯერ გაიზარდა და სწორი ინვესტიციების შემთხვევაში, 2030 წლისთვის მისი გასამმაგება შესაძლებელია.


„როდესაც TCTC-ზე ვსაუბრობთ, ძირითად აქტორებად გვევლინებიან: ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი — მარშრუტზე ჩინეთიდან ევროპისკენ. თუმცა ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვთ სომხეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს, მოლდოვას და უკრაინას. ერევანს შეუძლია, TCTC-ს დაეხმაროს ახალი კავშირების შექმნით სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გზების აღდგენით. ეს ხელს შეუწყობს სავაჭრო გზების დივერსიფიკაციას, გადატვირთული მონაკვეთების განტვირთვას და გაძლიერდება სომხეთის კავშირების ევროკავშირთან,“ - ნათქვამია მეტაანალიზში.


გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის შეფასებით, სატვირთო ნაკადები ევროპასა და აზიას შორის, სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის გავლით, სწრაფად იზრდება. თუმცა, ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი ძველია და განახლებას საჭიროებს, „ამიტომ, ინვესტიციები სასწრაფოდ არის საჭირო.“


„ინვესტიცია მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ მთავრობებსა და ბიზნესებს მკაფიო წარმოდგენა ექნებათ იმის შესახებ, თუ სად იქნება ის ყველაზე ეფექტიანი. დღევანდელი კვლევა გვიჩვენებს, თუ სად დავინახავთ ყველაზე დიდ განსხვავებას რკინიგზის, პორტების, სასაზღვრო პროცედურების, ენერგეტიკული კავშირებისა და ციფრული დაკავშირებადობის განახლებების შედეგად,“ - ამბობს ევროკომისარი.

ცნობისთვის, შუა დერეფანი [ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი] (TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს და წარმოადგენს ტრადიციული ჩრდილოეთის და სამხრეთის დერეფნების ალტერნატივას.


შეგახსენებთ, 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით, ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი სამშვიდობო შეთანხმებას. ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი - „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).