პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად და არატექნიკური მიმართულებები დარჩება „მილევად რეჟიმში“, შესაბამისად, ამ წლიდან ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის სპეციალობებზე მიღება აღარ გამოცხადდება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, ტექნიკურ უნივერსიტეტში, მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა. ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გარდა ამისა, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად, ეს იყო ჩვენი უმაღლესი განათლების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომელიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა. ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში.
შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო ორი წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში. ანუ, აღარ ერთიანდება ორი უნივერსიტეტი, რაც შეეხება არატექნიკურ მიმართულებებს, ისინი დარჩება მილევად რეჟიმში, შესაბამისად, ამ წლიდან ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის სპეციალობებზე მიღება აღარ გამოცხადდება. ეს არის ის საერთო გადაწყვეტილება, რაზეც შევჯერდით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განმარტა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება არსებული კადრების შენარჩუნებას, მიუხედავად არაერთი სპეციალობის გაუქმებისა.
ტექნიკურ უნივერსიტეტს სულ 11 ფაკულტეტი აქვს, მათგან 9 ტექნიკური პროფილისაა. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი სტუ-ში 2016 წლის 25 მაისს შეიქმნა.
2016 წლის მაისიდან ფუნქციონირებს ტექნიკურ უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიც. ამ ფაკულტეტზე 17 საგანმანათლებლო პროგრამაა სწავლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა); ასევე ქართულ ენაში მომზადების პროგრამა.
ცნობისთვის უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხრიდან.