სომხეთმა და აშშ-მ ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ჯეი დი ვენსმა ნიკოლ ფაშინიანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სომხეთთან პარტნიორობით ძალიან ამაყობს. აღსანიშნავია, რომ სომხეთში აქამდე აშშ-ის არცერთი მოქმედი პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტი არ ჩასულა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა სომხეთის სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სექტორში $9 მილიარდამდე ინვესტირების შესახებ გამოაცხადა.
„ეს ნიშნავს 5 მილიარდ დოლარამდე საწყის ამერიკულ ექსპორტს, პლუს დამატებით, 4 მილიარდ დოლარს გრძელვადიანი მხარდაჭერის სახით საწვავისა და ტექნიკური მომსახურების კონტრაქტების მეშვეობით. ეს კლასიკური ორმხრივი მოგებაა როგორც სომხეთისთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ეს ნიშნავს უფრო ძლიერ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ჩემი ქვეყნისთვის და ასევე, ვფიქრობ, ნიშნავს უფრო ძლიერ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას სომხეთისთვის. ეს ასევე შექმნის უამრავ ახალ სამუშაო ადგილს შეერთებულ შტატებში. ეს ნიშნავს მცირე მოდულურ რეაქტორებს.
ამერიკული ტექნოლოგია შემოვა ამ ქვეყანაში და კიდევ ერთხელ, ეს არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, სადაც ჩვენ საკმარისად თავდაჯერებულად ვგრძნობთ თავს, რომ ამ დონეზე ინვესტირება მოვახდინოთ, ამ ტიპის ტექნოლოგია გავაგზავნოთ. და ეს ხდება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობის წყალობით,“ - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
მანვე დაადასტურა 11 მილიონი დოლარის ღირებულების საგარეო სამხედრო გარიგება, რომელიც სომხეთის მიერ ამერიკული V-BAT დრონების ტექნოლოგიის შეძენას გულისხმობს. ვენსის თქმით, ეს გარიგება სამშვიდობო სტრატეგიის ნაწილია.
„ჩვენ ახლა დავამტკიცეთ 11 მილიონი დოლარის ღირებულების სადაზვერვო დრონების ტექნოლოგიების მიყიდვა სომხეთისთვის, ჩვენი კარგი მეგობრისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ მშვიდობა მდგრადი იქნება, რაც მომავალში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და შემდგომ ინვესტიციებს ნიშნავს,“ - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
შეთანხმების გამოცხადებას წინ უძღოდა ნიკოლ ფაშინიანისა და ჯეი დი ვენსის პირისპირ შეხვედრა.
„სომხეთისთვის არამხოლოდ მშვიდობას, არამედ, სომხეთისა და აშშ-სთვის ეკონომიკურ კეთილდღეობას ვქმნით,“ - აღნიშნა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა.
თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხსენებული შეთანხმება ახალ ეტაპს გახსნის სომხეთსა და აშშ-ს შორის ენერგეტიკული პარტნიორობის პროცესში და ხელს შეუწყობს სომხეთის ენერგეტიკული რესურსების დივერსიფიკაციას უსაფრთხო და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გზით. სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სომხეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები დღეს უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე სომხეთში ინსტიტუციური რეფორმებისა და ამ სფეროში აშშ-ის მხარდაჭერის საკითხი განიხილა.
„ასევე, ხაზი გავუსვი „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის განვითარების მიზნით სომხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მზადყოფნა გამოვთქვით, რომ სომხეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ჩვენი ქვეყნების ხალხების საკეთილდღეოდ განვავითაროთ,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
ფაშინიანის განცხადებით, სომხეთმა აშშ-სგან V-BAT-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები შეიძინა.
ფაშინიანმა განმარტა, რომ $11 მილიონიანი გარიგება აშშ-ის სავალდებულო სამხედრო გაყიდვების (Foreign Military Sales) პროგრამის ფარგლებში საფუძველს შეუქმნის მომავალში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას.
„მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნება სომხეთსა და აშშ-ს შორის სამხედრო და თავდაცვის პარტნიორობის სფეროებშიც. უპილოტო საფრენი აპარატები ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
დღესვე, ვენსმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს მოახლოებულ არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ახლა კითხვა ისაა, როგორ დავეხმაროთ პრემიერ-მინისტრს, რათა იყოს კარგ მდგომარეობაში იმისთვის, რომ მომავალზე კონცენტრირდეს. მე ვიცი, რომ მას არჩევნები აქვს წინ. მე ამაზე არ ვისაუბრებ, მაგრამ თუკი ჩემი მხარდაჭერა რამეს ნიშნავს, მას აქვს ჩემი მხარდაჭერა,“ - აღნიშნა ჯეი დი ვენსმა. ჯერ უცნობია, თუ ვინ იქნება 2026 წლის არჩევნებში ნიკოლ ფაშინაინის კონკურენტი, თუმცა ოპოზიციის უმრავლესობა პრორუსულად არის განწყობილი.
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სომხეთის დედაქალაქ ერევანში იმყოფება, საიდანაც ხვალ, 10 თებერვალს აზერბაიჯანში, ბაქოში გაემგზავრება.
უფრო ადრე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენსი ამ ქვეყნებში ჩადის, რათა „გააძლიეროს ამერიკის სამშვიდობო ძალისხმევა და წინ წასწიოს „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (პროექტი TRIPP-).“
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამერიკა გააძლიერებს: „სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან; მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის შესანიშნავ შეთანხმებას სომხეთთან; ნახევარგამტარების დიდი მწარმოებლებისთვის ამერიკის შეთანხმებებს; აშშ-ში დამზადებული თავდაცვის აღჭურვილობის, - ჯავშანჟილეტების, ნავებისა და ა.შ. - აზერბაიჯანში გაყიდვას.“