აშშ-მ და აზერბაიჯანმა “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას” მოაწერეს ხელი. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის” ხელმოწერის ცერემონია ბაქოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
აშშ-ის მხრიდან ქარტიას ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოაწერეს ხელი.
ილჰამ ალიევის თქმით, შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები „აბსოლუტურად ახალ ფაზაში შედის.“
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვართ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყნის – ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი,“ – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მან ვენსის ვიზიტს ისტორიული უწოდა, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ კი, აზერბაიჯანის მეგობრად მოიხსენია.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განმარტა, რომ დღეს ხელმოწერილ ქარტიაში მოცემულია თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება.
ილჰამ ალიევის განცხადებით, ქვეყნები განაგრძობენ მჭიდრო მუშაობას უსაფრთხოებასთან და ანტიტერორისტულ ოპერაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები და აზერბაიჯანი იწყებენ თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში, რაც „ძალიან პერსპექტიულია.“ აზერბაიჯანი და აშშ ასევე ითანამშრომლებენ ანტიტერორისტული ოპერაციების დროს.
გარდ ამისა, ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი და შეერთებული შტატები თავდაცვითი აღჭურვილობის გაყიდვის მიმართულებით ახალ თავს ხსნიან.
„ხელოვნური ინტელექტის ცენტრების შექმნა ასევე ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ნაწილია,“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ალიევის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე ხელმოწერის ცერემონია ასახავს ექვსი თვის განმავლობაში ორი ქვეყნის გუნდების ნაყოფიერ მუშაობას.
„ამ ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ უკვე მშვიდობიან გარემოში ვცხოვრობთ. ვსწავლობთ მშვიდობაში ცხოვრებას და ძალიან მადლიერი ვართ შეერთებული შტატების მთავრობის ამ დიდი წვლილისთვის,“ – აღნიშნა ალიევმა.
ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანმა არამხოლოდ მოხსნა ყველა შეზღუდვა სომხეთისკენ ტვირთების ტრანზიტზე, არამედ, დაიწყო ნავთობპროდუქტების მიწოდება სომხეთში, რითაც ფაქტობრივად წამოიწყო ვაჭრობა და თანამშრომლობა.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი რეგიონში ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის განხორციელებაა.
„ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტი არამხოლოდ დააკავშირებს აზერბაიჯანის ორ ნაწილს, არამედ, იქნება ძალიან საიმედო, უსაფრთხო და მასშტაბური სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც დააკავშირებს აზიას ევროპასთან აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის გავლით,“ – განაცხადა ალიევმა.
ილჰამ ალიევმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ვენსთან გამართულ მოლაპარაკებებს უკიდურესად პროდუქტიული უწოდა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი შედეგი - TRIPP-ის პროექტია. ეს პროექტი არამხოლოდ სომხეთს, არამედ, რეგიონის სხვა ქვეყნებსაც წაადგება.
თავის მხრივ, ვენსის თქმით, აილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და დონალდ ტრამპმ მრავალწლიანი ომი დაასრულეს: „საბოლოოდ, რეგიონში მშვიდობაა. ტრამპის ადმინისტრაციის მიზანი მშვიდობის დამყარებაა.“
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ვენსმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიოში ერთადერთი ლიდერები არიან, რომლებსაც ნამდვილად კარგი ურთიერთობები აქვთ როგორც თურქეთთან, ასევე, ისრაელთან.
ინფორმაციისთვის, სომხეთმა და აშშ-მ “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას” ხელი 2025 წლის იანვარში მოაწერეს.