„ეგეოსისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკითხები რთულია, მაგრამ გადაუჭრელი არ არის“ - ერდოღანმა საბერძნეთის პრემიერი მიიღო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში შეხვდა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისს. ერდოღანი და მიცოტაკისი ორმხრივ ურთიერთობებსა და რეგიონულ საკითხებს განიხილავენ.


ერდოღანმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მტკიცედ სწამს, „თურქეთმა და საბერძნეთმა, როგორც მეზობლებმა და მოკავშირეებმა“, თანამშრომლობის საფუძველზე, ღია დიალოგის არხები უნდა შეინარჩუნონ.


„თურქეთი და საბერძნეთი მუშაობენ ორმხრივი ვაჭრობის 10 მილიარდ დოლარამდე გაზრდისთვის, გასული წლის თითქმის 7 მილიარდ დოლართან შედარებით,“ - განაცხადა  ერდოღანმა საპრეზიდენტო კომპლექსში ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.


ერდოღანმა განაცხადა, რომ ასევე „ღიად და გულწრფელად“ განიხილეს ანკარის პოზიცია ეგეოსისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკითხებთან დაკავშირებით.


თურქეთის პრეზიდენტის თქმით, „ეგეოსისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკითხები რთულია, მაგრამ გადაუჭრელი არ არის საერთაშორისო სამართლის მიხედვით.“


ერდოღანის თქმით, გამოსავლის პოვნისთვის აუცილებელია კეთილი ნება, კონსტრუქციული დიალოგი და შეთანხმების მიღწევის რეალური სურვილი.


„მოხარული ვარ, რომ ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა მიცოტაკისმა და მე ამ საკითხზე ერთნაირი ხედვები დავაფიქსირეთ,“ — განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.


ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი და საბერძნეთი, როგორც NATO-ს მოკავშირეები, მრავალი მოვლენის წინაშე დგანან, რომლებიც უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემუქრება.


„ევროპის მიერ წამოწყებულ თავდაცვის ახალ ინიციატივებში მონაწილეობა ჩვენი საერთო ინტერესია," - აღნიშნა ერდოღანმა.


რეგიონულ საკითხებზე საუბრისას, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა: „ნათელია, რომ ჩვენ მიერ შესრულებული კონსტრუქციული როლი მნიშვნელოვანია არამხოლოდ თავად სირიისთვის, არამედ, საბერძნეთისა და ევროპის უსაფრთხოებისთვისაც.“


მანვე აღნიშნა, რომ განიხილეს რეგიონული მოვლენები, განსაკუთრებით, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის პროცესი და უფრო ფართო სამშვიდობო გეგმა.


„თურქეთი უარყოფს ისრაელის გადაწყვეტილებას დასავლეთ სანაპიროზე კონტროლის გაფართოებისა და პალესტინის ხელისუფლების დასუსტების შესახებ,“ - განაცხადა ერდოღანმა.


თავის მხრივ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა თურქეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ გეოგრაფიამ საბერძნეთი და თურქეთი მუდმივ მეზობლებად აქცია, თუმცა თანამშრომლობა და ალიანსის ჩამოყალიბება შესაძლებელია.


"ბედმა განსაზღვრა, რომ ჩვენ ერთსა და იმავე სამეზობლოში ვცხოვრობთ  — ამ გეოგრაფიას ვერ შევცვლით, თუმცა შეგვიძლია ალიანსის ჩამოყალიბება,"  — აცხადებს კირიაკოს მიცოტაკისი.


"ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და დავიცვათ ვენიზელოსის და ათათურქის მემკვიდრეობა,"  — ამბობს კირიაკოს მიცოტაკისი.


საბერძნეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ კვლავ არსებობს კონკრეტული საკითხები, მათ შორის, ეგეოსის ზღვის კონტინენტური შელფი და ექსკლუზიური ეკონომიკური ზონების თემა.


მისი თქმით, შესაძლოა, საჭირო გახდეს ამ საკითხების გადატანა საერთაშორისო სასამართლო ორგანოში.


„თუ ეს ასე იქნება, გამოსავალი შეიძლება, მოიძებნოს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში,“ — განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა.


მიცოტაკისმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ორივე ქვეყანამ უთანხმოებები მშვიდად და პასუხისმგებლობით უნდა განიხილოს.


„ჩვენ გვჯერა, რომ გულწრფელად უნდა ვისაუბროთ ერთმანეთთან, მაშინაც კი, თუ ყოველთვის არ ვეთანხმებით ერთმანეთს,“ — აღნიშნა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა.