ტრამპი ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ირანთან შეთანხმების მიღწევას კვლავ ცდილობს

აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ტრამპის დაბრუნების შემდეგ, ნეთანიაჰუს მეექვსე ვიზიტი თეთრ სახლში, ორ ლიდერს შორის საჯარო განცხადებების გარეშე დასრულდა. როგორც Guardian-ი წერს, ნაჩქარევად დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. 


ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში კი, აღნიშნეს, რომ შეხვედრა თითქმის სამი საათი მიმდინარეობდა.


„პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ისრაელის უსაფრთხოების საჭიროებებს მოლაპარაკებების კონტექსტში და ორივე მხარე შეთანხმდა მჭიდრო კოორდინაციისა და მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნებაზე,“ – აცხადებენ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში.


შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, წარსულში ირანმა გადაწყვიტა, რომ შეთანხმებაზე უარი ეთქვა, რაც „მათთვის ცუდად დასრულდა.“


„მე ახლახან დავასრულე შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან და მის წარმომადგენლებთან. ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა. ჩვენს ორ ქვეყანას შორის შესანიშნავი ურთიერთობა გრძელდება. საბოლოოდ ვერაფერს მივაღწიეთ, გარდა იმისა, რომ მოვითხოვე ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელება, რათა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა,“ - წერს თავის მხრივ, დონალდ ტრამპი.


აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ბენიამინ ნეთანიაუჰუსთან ასევე განიხილა ღაზის სექტორსა და რეგიონში მიმდინარე პროცესები.


აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში ძალები გააერთიანა და ირანის ბირთვული პროგრამის, ასევე, მისი ხელმძღვანელობისა და სამხედროების წინააღმდეგ ზომებით იმუქრება. ტრამპმა ამ კვირაში განაცხადა, რომ რეგიონში კიდევ ერთი ავიამზიდის გაგზავნას განიხილავს, რომელიც USS Abraham Lincoln-ს შეუერთდება.