დისკვალიფიცირებულია უკრაინელი სპორტსმენი, რომელმაც ომში დაღუპულების გამოსახულებიანი ჩაფხუტით ასპარეზობაზე უარი არ თქვა

ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშების მონაწილე, უკრაინელი სკელეტონისტი ვლადისლავ ჰერასკევიჩი დისკვალიფიცირებულია მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან აკრძალვის მიუხედავად, უარი არ თქვა „ხსოვნის ჩაფხუტით“ ასპარეზობაზე. ჩაფხუტზე გამოსახულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომის შედეგად დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების, მათ შორის, წინა წლების ოლიმპიური თამაშების მონაწილეთა ფოტოები.


კომიტეტის განცხადებით, ოლიმპიადაში ჰერასკევიჩის მონაწილეობა ძალიან სურდათ, ამიტომ, კომიტეტის წარმომადგენლებმა როგორც წერილობით, ისე არაერთხელ შეხვედრისას განმარტეს, რომ მსგავსი ჩაფხუტი არ შეესაბამება ოლიმპიურ ქარტიას და სპორტსმენთა თვითგამოხატვის წესებს, ამიტომ, შესთავაზეს ალტერნატიული ვარიანტები, მათ შორის, შავი სამკლავური და ჩაფხუტის საჯაროდ დემონსტრირება ასპარეზობების შემდეგ, რასაც ჰერასკევიჩი არ დასთანხმდა.


შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


გამოცემის ცნობით, უკრაინელ სპორტსმენს, ვლადისლავ ჰერასკევიჩს დისკვალიფიკაციის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელთან, კირსტი კოვენტრისთან შეხვედრის შემდეგ აცნობეს.


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, დღეს, შეჯიბრების წინ კომიტეტის პრეზიდენტი კირსტი კოვენტრი პირადად შეხვდა უკრაინელ სპორტსმენს და კომიტეტის პოზიცია კიდევ ერთხელ განუმარტა, თუმცა ვლადისლავ ჰერასკევიჩმა გადაწყვეტილების შეცვლაზე უარი თქვა.


  • საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, სპორტსმენს შესთავაზეს, რომ ჩაფხუტი რბოლის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ ეჩვენებინა, ასევე, მას რბოლის დროს შავი სამკლავურის ტარების უფლება მისცეს.

„მესიჯს არავინ არ ეწინააღმდეგება, განსაკუთრებით მე. ეს ძლიერი მესიჯია. სამწუხაროდ, გამოსავლის პოვნა ვერ შევძელით. მსურდა, რომ რბოლაში მონაწილეობა მიეღო,“ - აღნიშნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა.


უკრაინელი სპორტსმენის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. 


ვლადისლავ ჰერასკევიჩი მილანის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ციგაობა/სკელეტონის შეჯიბრში ასპარეზობს, რომელიც დღეს საღამოს უნდა გაიმართოს. 

ვლადისლავ ჰერასკევიჩმა უარყო, რომ ოლიმპიადის წესებს არღვევს.


უკრაინელი სპორტსმენის თანახმად, შეუძლებელია „ხსოვნის ჩაფხუტზე“ ითქვას, რომ ეს ქარტიით აკრძალული პოლიტიკური პროპაგანდა, დისკრიმინაცია ან რასიზმია.

ვლადისლავ ჰერასკევიჩი უკრაინის ოლიმპიური ნაკრების მედროშე იყო ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე, რომელიც 6 თებერვალს მილანში გაიმართა.


შეგახსენებთ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ვლადისლავ ჰერასკევიჩს ჩაფხუტის ტარების აკრძალვის შესახებ სამშაბათს აცნობა. კერძოდ, საქმე ეხება ოლიმპიური ქარტიის 50.2 წესს, რომლის თანახმად, „არცერთი სახის დემონსტრაცია ან პოლიტიკური, რელიგიური ან რასობრივი პროპაგანდა არ არის დაშვებული ოლიმპიურ ობიექტებში, არენებსა თუ სხვა ადგილებში.“