ისრაელის საელჩო ანძის განათებაზე: რა გზავნილია ეს?

საქართველოში ისრაელის საელჩო ეხმაურება თბილისის ანძის განათებას ირანის დროშის ფერებში და ამ საკითხზე განცხადებას Facebook-ზე ავრცელებს:

„მაშინ, როდესაც ირანის მკვლელი, ტერორის მხარდამჭერი რეჟიმი ათასობით ადამიანს ხოცავს თავისი ქალაქების ქუჩებში, ჩაგრავს საკუთარ მოქალაქეებს და აქტიურად არის ჩართული ტერორისტულ საქმიანობაში როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში, თბილისში გადაწყვიტეს ამავე რეჟიმთან ერთად ირანში ისლამური რევოლუციის წლისთავი იზეიმონ მთაწმინდის ანძის ირანის დროშის ფერებში განათებით.


რა გზავნილია ეს თბილისისგან რეგიონისთვის, მსოფლიოსა და ირანის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამდენი ხანია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან?,” - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.


11 თებერვალს, საღამოს, თბილისის ანძა ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა. ამ დღეს ირანმა 1979 წლის ისლამური რევოლუციის წლისთავი აღნიშნა. 


ირანის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი აცხადებს, რომ ანძა ირანის ფერებში „ირანისა და საქართველოს ისტორიული ურთიერთობებიდან და ორ ერს შორის არსებული კარგი ურთიერთობებიდან გამომდინარე განათდა.“

„ეს ნათელი სიმბოლოა იმისა, რომ დღევანდელი ირანის პატივისცემა ოფიციალურად და საერთაშორისო დონეზეა აღიარებული,“ - წერს სეიედ ალი მოჯანი პლატფორმა X-ზე.


ელჩის ცნობით, 11 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ესწრებოდა „ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ცერემონიას.“


თბილისის მერიის პრესსამსახურიდან რადიო თავისუფლებას უპასუხეს, რომ საელჩოების თხოვნის გათვალისწინების მსგავსი პრაქტიკა წლებია არსებობს:

„მსგავსი პრაქტიკა წლებია არსებობს, როდესაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მოგვმართავენ თხოვნით, ყოველთვის ვანათებთ ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში...ამდენად, როგორც წინა წლებში, წელსაც განათდა ანძა ირანის დროშის ფერებში.“


2026 წლის იანვარში, ირანში საპროტესტო დემონსტრაციებისას უამრავი ადამიანის დაღუპვა დადასტურდა. ამერიკამ ირანს დემონსტრაციების „სასტიკი ჩახშობისთვის“ სანქციები დაუწესა.“


6 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, აშშ დამატებითი ტარიფების დაწესებას გეგმავს იმ ქვეყნებიდან იმპორტზე, რომლებსაც ირანთან სავაჭრო ურთიერთობა აქვთ.


11 თებერვალს ტრამპმა ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმების მიღწევას კვლავ ცდილობს.