Bloomberg: ევროპის ქვეყნები საკუთარი ბირთვული თავდაცვის სისტემაზე მსჯელობენ

ევროპის ქვეყნები ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად მსჯელობენ საკუთარი ბირთვული თავდაცვის სისტემის შექმნაზე, რადგან შეერთებული შტატები აღარ არის საიმედო მოკავშირე. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.


წყაროების თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შესაძლოა, პარიზის მხრიდან ბირთვული დაცვა შესთავაზოს სხვა ევროპულ ქვეყნებს. მან ამის შესახებ შესაძლოა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზეც განაცხადოს. 


როგორც Bloomberg-ი წერს, ამერიკული „ბირთვული ქოლგის“ ფრანგული ქოლგით ჩანაცვლება ევროპის ბევრი ქვეყნისთვის შეიძლება, ფინანსურად მიუწვდომელი აღმოჩნდეს. ევროპა უკვე მნიშვნელოვან რესურსებს ხარჯავს ჩვეულებრივ შეიარაღებაზე. 2025 წელს ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი თავდაცვაზე ერთად დახარჯავენ 530 მილიარდ დოლარზე მეტს.


საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს ერთად დაახლოებით 400 განლაგებული ქობინი აქვთ, ხოლო აშშ-ს - 1670, რიცხვი, რომელიც შესაძლოა გაიზარდოს რუსეთსა და აშშ-ს შორის ხელშეკრულება „ახალი START-ის“ ვადის გასვლის შემდეგ. დიდი ბრიტანეთი ბირთვული ტრიადის მხოლოდ საზღვაო კომპონენტს ემყარება, საფრანგეთი როგორც საზღვაო, ასევე საჰაერო კომპონენტებს, აშშ-ს კი ყველა მათგანი მოეპოვება.

Bloomberg-ის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ევროპის ზოგიერთ ქვეყანას შეუძლია ინვესტიცია ჩადოს ბირთვული იარაღისთვის საჭირო ყველა კომპონენტის შექმნაში, მაგრამ ამისთვის საჭიროა ატომური ელექტროსადგურები, ურანის გამდიდრებისთვის რთული და ძვირადღირებული ცენტრიფუგები და „პოლიტიკური მზაობა გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმებების დარღვევისთვის“.

 „ატომურ მეცნიერთა ბიულეტენის“ თანახმად, 2023 წლის მონაცემებით, ევროპაში განთავსებული იყო დაახლოებით 100 ამერიკული B61 ბირთვული ბომბი, რომლებიც ხუთ ქვეყანაში იყო განლაგებული ექვს საჰაერო ბაზაზე, შეერთებულ შტატებთან ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე. ამჟამად ევროპაში ბირთვული იარაღი მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს აქვთ. 


რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში უმსხვილეს ბირთვულ ძალებად რჩებიან - ისინი მსოფლიოს ბირთვული იარაღის 90%-ზე მეტს ფლობენ. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) 2025 წლის იანვრის მონაცემებით, რუსეთის არსენალი 4309 ბირთვული ქობინისგან, ხოლო შეერთებული შტატების - 3700-ისგან შედგებოდა.