შავი ზღვა: პორტების ეკონომიკური და სამხედრო მნიშვნელობა

წყარო


შავი ზღვის პორტებზე კონტროლი აღარ არის მხოლოდ ვაჭრობის საკითხი. მოსკოვს სურს, შეცვალოს არამხოლოდ რეგიონული ეკონომიკური მარშრუტები, არამედ, სამხრეთ ევროპისა და ევრაზიის სამხედრო გეოგრაფიაც. 2025 წლის ბოლოს ვლადიმერ პუტინმა ღიად განაცხადა, რომ რუსეთს  „უკრაინის ზღვიდან მოწყვეტა“ სურს და ასეთი ნაბიჯი უკრაინის მხრიდან დარტყმებსა და კიევისადმი დასავლეთის მხარდაჭერაზე პოტენციურ პასუხად წარმოაჩინა.


რუსეთი აკონტროლებს:

ნოვოროსიისკს (კრასნოდარის ოლქი) - შავ ზღვაზე რუსეთის უდიდესი კომერციული პორტია, რომელიც ნავთობს, ნაყარ ტვირთებს ამუშავებს და შავი ზღვის ფლოტის მთავარ ლოგისტიკურ ცენტრს წარმოადგენს.


ტუაფსეს და ტამანს - რუსეთის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ნავთობისა და მრავალფუნქციური ტერმინალები.


ოკუპირებული ყირიმის პორტები (სევასტოპოლი, ქერჩი, ფეოდოსია, ევპატორია, იალტა) - 2014 წლიდან ფაქტობრივად რუსეთის კონტროლის ქვეშაა, თუმცა საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც უკრაინის ტერიტორია.


ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სევასტოპოლია, ის ისტორიულად შავი ზღვის ფლოტის მთავარი ბაზაა. თუმცა უკრაინის დარტყმების ფონზე, რუსეთის საბრძოლო მზადყოფნის მქონე საზღვაო აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი, გავრცელებული ცნობებით, ნოვოროსიისკში გადაიტანეს.


მოსკოვისთვის ეს პორტები არამხოლოდ ინფრასტრუქტურას, არამედ, სტრატეგიულ სიღრმეს წარმოადგენს - უზრუნველყოფს საზღვაო ბაზირებას, საჰაერო თავდაცვის პოზიციონირებას, დაზვერვის დაფარვას და ლოგისტიკურ დომინირებას შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში.


უკრაინა აკონტროლებს:


ოდესას - უკრაინის მთავარ კომერციულ და მარცვლეულის ექსპორტისთვის მნიშვნელოვან პორტს. ჩორნომორსკის (ყოფილი ილიჩოვსკი) - მსხვილი სატრანსპორტო კვანძი კონტეინერებისა და მარცვლეულის ტერმინალებით. პივდენი (იუჟნი) - ყველაზე ღრმა და სამრეწველო პოტენციალის მქონე პორტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნაყარი ტვირთების გადასამუშავებლად.


ერთად, ეს სამი პორტი ქმნის დიდი ოდესის პორტების კლასტერს, რომელიც ომის დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა უკრაინის ეკონომიკური გადარჩენისთვის.


ფორმალურად, უკრაინა ასევე ინარჩუნებს კონტროლს ნიკოლაევსა და ხერსონზე, თუმცა მათი სრული საზღვაო ოპერაციები შეზღუდულია უსაფრთხოებისა და ნავიგაციის შეზღუდვების გამო.


პორტის კონტროლის სამხედრო მნიშვნელობა


რუსეთისთვის პორტების კონტროლი გეოპოლიტიკურ ბერკეტად იქცევა. საზღვაო ბაზები, ღრმაწყლიანი ნავმისადგომები, სარემონტო ობიექტები და სანაპირო დაცვის სისტემები ძალის გამოყენების, საზღვაო გზების დაცვისა და რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების გავლენის მოპოვების შესაძლებლობას იძლევა. საზღვაო აქტივების სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში გადატანა ხაზს უსვამს ცვალებად ტაქტიკურ გარემოს, მაგრამ არ ამცირებს რუსეთის უფრო ფართო მიზანს: ჩრდილოეთ შავი ზღვის წყლებზე დომინირების შენარჩუნებას.


უკრაინისთვის ოდესის, ჩერნომორსკის და პივდენის კონტროლის შენარჩუნება ეროვნული გადარჩენის საკითხია. მოქმედი საზღვაო დერეფანი უკრაინას საშუალებას აძლევს, შეინარჩუნოს ექსპორტი, უზრუნველყოს უცხოური ვალუტის შემოდინება და შეინარჩუნოს კავშირები გლობალურ ბაზრებთან. ამიტომ, პორტების ინფრასტრუქტურასა და საზღვაო მარშრუტებზე დარტყმები სიმბოლური არ არის - ისინი მიზნად ისახავს უკრაინის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ხაზის გარღვევას.


უკრაინის შავი ზღვის პორტების ეკონომიკური ბრუნვა


2024 წლის ოფიციალური მონაცემებით:

პივდენი: დაახლოებით 35.6 მილიონი ტონა

ჩორნომორსკი: დაახლოებით 26.0 მილიონი ტონა

ოდესა: დაახლოებით 18.3 მილიონი ტონა

ერთობლივად, ამ სამმა პორტმა ერთ წელიწადში 80 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადაამუშავა, რაც ადასტურებს მათ ცენტრალურ როლს უკრაინის სავაჭრო სისტემაში.


უსაფრთხოების რისკებისა და პერიოდული დარტყმების მიუხედავად, 2025 წლის დასაწყისის მონაცემები ტვირთების მოძრაობის გაგრძელებაზე მიუთითებს. 

გავლენა მარცვლეულის ექსპორტზე

დიდი ოდესის კლასტერი უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის სისტემის ბირთვია. სოფლის მეურნეობის ექსპორტის უმეტესი ნაწილი - ხორბალი, სიმინდი, ქერი, ზეთოვანი კულტურები - ამ პორტების გავლით გადის.


საზღვაო დერეფნის ფუნქციონირება პირდაპირ გავლენას ახდენს:


- უკრაინის უცხოური ვალუტის შემოსავლებზე

- მისი სოფლის მეურნეობის სექტორის სტაბილურობაზე

- მარცვლეულის გლობალურ ფასებზე

  • იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებში სურსათის უვნებლობაზე

როდესაც საზღვაო ექსპორტი ნორმალურად ფუნქციონირებს, საზღვაო გადაზიდვები ყველაზე მომგებიან ვარიანტად რჩება. თუ პორტები შეფერხდება, დაზღვევის ხარჯები იზრდება, ლოგისტიკა შენელდება და ალტერნატიული სახმელეთო გზები იტვირთება.


ბოლო წლებში უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის 80-90%-მდე ოდესის საზღვაო დერეფნით გადაადგილდა, რაც მის სტრატეგიულ და ეკონომიკურ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.


ისტორიული პარალელი: პეტრე დიდი და სამხრეთ ზღვის სტრატეგია

რუსეთის სწრაფვა წყლებზე კონტროლისთვის, სიახლეს არ წარმოადგენს. მე-17 საუკუნის ბოლოს, პეტრე დიდის დროს, ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანი აზოვისა და შავი ზღვის რეგიონებში ოსმალეთის ბატონობის დამარცხება იყო.


1695-1696 წლების აზოვის კამპანიების დროს, რუსეთის ძალებმა აზოვის ციხესიმაგრე აიღეს, რითაც აზოვის ზღვაზე წვდომა უზრუნველყვეს. შემდგომში პეტრემ 1698 წელს ტაგანროგი დააარსა, რითაც რუსეთის ერთ-ერთი პირველი სამხრეთ საზღვაო ბაზა შექმნა.


კონსტანტინოპოლის ხელშეკრულების (1700) თანახმად, ოსმალეთის იმპერიამ აღიარა რუსეთის კონტროლი აზოვსა და მიმდებარე ციხესიმაგრეებზე. თუმცა, რუსეთს შავ ზღვაზე სრული და თავისუფალი წვდომა არ მიუღია. ქერჩის სრუტის კონტროლი რუსეთის ხელში არ რჩებოდა, რაც ფაქტობრივად, ზღუდავდა აზოვის ზღვის მიღმა საზღვაო მანევრირებას.


ამგვარად, პეტრემ მიაღწია გარღვევას, მაგრამ არა შავ ზღვაზე სრულ წვდომას. მე-18 საუკუნის ბოლოს, ოსმალეთის იმპერიასთან შემდგომი ომების შემდეგ, რუსეთის შავი ზღვის პორტების ყოვლისმომცველი სისტემა გაჩნდა.


ისტორიული ანალოგია ნათელია. პეტრე დიდიდან დღემდე, სამხრეთის ზღვებზე წვდომა ასოცირდებოდა ძალაუფლებასთან, ვაჭრობასთან და სტრატეგიულ ავტონომიასთან.


დღეს რუსეთს უკვე მნიშვნელოვანი კომერციული და საზღვაო ინფრასტრუქტურა აქვს შავ ზღვაში, თავის მხარეს და ოკუპირებულ ყირიმში. თუმცა მისი სტრატეგიული რიტორიკა უკრაინის შავი ზღვიდან მოწყვეტის შესახებ, მიუთითებს არამხოლოდ საკუთარი წვდომის დაცვაზე, არამედ, მეტოქისთვის საზღვაო წვდომის უარყოფაზე.


„ამასობაში, უკრაინა ოდესის დიდ დერეფანზეა დამოკიდებული, რომელიც მის მთავარ საზღვაო კარიბჭეს წარმოადგენს. მისი უნარი, შეინარჩუნოს ეს წვდომა, არამხოლოდ ეკონომიკურ მნიშვნელობას წარმოადგენს, არამედ, პოლიტიკურადაც გამოხატავს სუვერენული მდგრადობის დემონსტრირებას წნეხის პირობებში.