აშშ ეჭვქვეშ არ აყენებს ევროპული ქვეყნების დასკვნებს ნავალნის ეპიბატიდინით მოწამვლის თაობაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ბრატისლავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხუთი ევროპული ქვეყნის განცხადებას რუსეთის კოლონიაში ალექსეი ნავალნის ეპიბატიდინით მოწამვლის შესახებ, აშშ შემაშფოთებელ ცნობად მიიჩნევს.


„რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით ამ განცხადების შესახებ. ეს შემაშფოთებელი ინფორმაციაა. ჩვენთვის ცნობილია ბატონი ნავალნის საქმე და უდავოდ, არ გვაქვს არანაირი საფუძველი, ეს ეჭვქვეშ დავაყენოთ,“ – განაცხადა რუბიომ ჟურნალისტებთან.


კითხვას, რატომ არ შეუერთდა აშშ ხსენებულ განცხადებას, რუბიომ უპასუხა, რომ ეს ევროპული ქვეყნების ინიციატივა იყო.


„ჩვენ ასე გადავწყვიტეთ და ეს არ ნიშნავს, რომ შედეგებს არ ვეთანხმებით. უბრალოდ, ეს ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა. ხანდახან ქვეყნები დამოუკიდებლად მოქმედებენ, მათ მიერ შეგროვებულ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით,“ – აღნიშნა რუბიომ.


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ამერიკა ამ დასკვნებზე „არ დაობს“ და არ აპირებს „კონფლიქტს ამ ქვეყნებთან“ აღნიშნული განცხადების გამო.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხუთი ქვეყნის დასკვნები ნავალნის ეპიბატიდინით მოწამვლის შესახებ, „საინფორმაციო კამპანიად“ შეაფასეს. 14 თებერვალს დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია და ნიდერლანდები გამოვიდნენ ერთობლივი განცხადებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ ალექსეი ნავალნი რუსეთის კოლონიაში ეპიბატიდინით, ხის ბაყაყის შხამით მოწამლეს. ამ დასკვნამდე დამოუკიდებლად მივიდნენ მკვლევრები, რომლებმაც ნავალნის ბიომასალების ნიმუშები შეისწავლეს.