უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უსამართლობაა ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საჯაროდ მოუწოდებს უკრაინას, და არა რუსეთს, მშვიდობისთვის დათმობებზე წავიდეს. „უკრაინის ხალხი არასდროს დაუჭერს მხარს რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობას, თუ ეს საკითხი რეფერენდუმზე დადგება.“ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ გამოცემა Axios-ს განუცხადა.
ზელენსკიმ Axios-ს სატელეფონო ინტერვიუში განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპისთვის შესაძლოა, უფრო ადვილი იყოს უკრაინაზე ზეწოლა, ვიდრე გაცილებით დიდ რუსეთზე, მდგრადი მშვიდობის დამყარების გზა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისთვის „გამარჯვების მიცემა“ არ არის.
„ვიმედოვნებ, რომ ეს მხოლოდ მისი ტაქტიკაა და არა გადაწყვეტილება,“ - განუცხადა ზელენსკიმ Axios-ს.
მან მადლობა გადაუხადა ტრამპს სამშვიდობო ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ კუშნერთან და უიტკოფთან მისი საუბრები არ მოიცავს იმ ტიპის ზეწოლას, რომელსაც ტრამპი საჯაროდ იყენებს.
„ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს,“ - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ის არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც ზეწოლის ქვეშ ადვილად ექცევა.
უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ტერიტორიის საკითხზე გარღვევის მიღწევის საუკეთესო გზა პუტინთან პირისპირ შეხვედრაა.
ზელენსკის თქმით, თავის გუნდს დაავალა, წამოჭრან საკითხი ლიდერთა დონეზე ჟენევაში მომავალი შეხვედრის თაობაზე.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი და კიევი შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერი შეთანხმება უკრაინელ ხალხს რეფერენდუმის გზით უნდა წარედგინოს.
მისი თქმით, თუ ეს შეთანხმება უკრაინული მხარის მიერ დონბასიდან უბრალოდ გასვლას გაითვალისწინებს, მას ხმას არ მისცემენ.
„ემოციურად, ხალხი ამას არასდროს გვაპატიებს. არასდროს. ისინი არ მაპატიებენ მე, ისინი არ აპატიებენ [აშშ-ს]“, - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ უკრაინელებს არ ესმით, რატომ უნდა მოსთხოვონ მათ დამატებითი მიწების დათმობა.
„ეს ჩვენი ქვეყნის ნაწილია, ყველა ეს მოქალაქე, დროშა, მიწა,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თუ შეთანხმება დონბასში არსებული საბრძოლო ხაზების გაყინვას გაითვალისწინებს, უკრაინელი ხალხი მას მიიღებს.
„ვფიქრობ, რომ თუ დოკუმენტში შევიტანთ იმის შესახებ, რომ ჩვენ იქ დავრჩებით, სადაც ვიმყოფებით შეხების ხაზზე, ვფიქრობ, რომ ხალხი ამას რეფერენდუმზე მხარს დაუჭერს. ეს ჩემი აზრია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მისი თქმით, პუტინის მსგავსად, რუსეთის დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს ვლადიმერ მედინსკისაც უყვარს ომის „ისტორიულ ფესვებზე“ ფილოსოფოსობა.
„ჩვენ არ გვაქვს დრო ამ ყველაფრისთვის. ამიტომ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და ომი დავასრულოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინაში არჩევნების შესაძლო ჩატარების შესახებ საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა ცეცხლის ერთდღიან შეწყვეტას არჩევნების ჩასატარებლად, ცეცხლის 60-დღიანი შეწყვეტის ნაცვლად, რაც, მისი თქმით, არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარებისთვის არის საჭირო.