Kazakhstan Temir Zholy-ის (KTZ) შვილობილმა კომპანიამ — KTZ Express — ბელგიის Port of Antwerp-ში ყაზახური დაქუცმაცებული ბრინჯის პარტიის [საპილოტე] ექსპორტი განახორციელა. მიწოდება შესრულდა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR), ე.წ. შუა დერეფნის გამოყენებით, იუწყება Trend News Agency KTZ-ზე დაყრდნობით.
ტრანსპორტირება მულტიმოდალური ფორმატით — კასპიისა და შავი ზღვის მიმართულებით, რკინიგზისა და საზღვაო გადაზიდვების კომბინაციით შესრულდა.
ლოგისტიკური ჯაჭვი შემდეგ მარშრუტს მოიცავდა:ყიზილორდა – აქტაუს პორტი – ფოთის პორტი – ანტვერპენის პორტი.
მანამდე, ხსენებული მიმართულებით ტვირთები ძირითადად, სახმელეთო გზით, რუსეთის გავლით გადაიზიდებოდა, სემიგლავის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გადაკვეთის შემდეგ კი, ტრანზიტი ბრესტისა და დუისბურგის მიმართულებით გრძელდებოდა.
ახალი მარშრუტით ტრანსპორტირების ღირებულება კი, ჩრდილოეთ დერეფანთან შედარებით, დაბალია, მიწოდების სიჩქარის შენარჩუნების პირობებში. ტვირთის ტრანზიტის სავარაუდო ხანგრძლივობა დაახლოებით 30 დღეა.
შუა დერეფანი წარმოადგენს სატრანსპორტო-სავაჭრო მარშრუტს, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს და ჩრდილოეთისა და სამხრეთის ტრადიციული დერეფნების ალტერნატივას ქმნის. მარშრუტი იწყება ჩინეთში, გადის ცენტრალური აზიის ქვეყნებზე — ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი — შემდეგ კვეთს კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს და საბოლოოდ, ევროპას აღწევს.
ეს მარშრუტი სახმელეთო ალტერნატივას წარმოადგენს უფრო გრძელ საზღვაო გზებთან შედარებით და მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზია-ევროპის სატრანსპორტო კავშირების დივერსიფიკაციაში.