დახმარების სხვა ფორმების შემცირების მიუხედავად, უკრაინის მიმართ აშშ-ის დაზვერვის მხარდაჭერა არ შემცირებულა. ინფორმაციის გაცვლა 2025 წლის მარტში რამდენიმე დღით შეჩერდა, მაგრამ მოგვიანებით, ორივე მხარის თქმით, განახლდა.
ამავდროულად, შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა უკრაინისთვის ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარების უზრუნველყოფა და მისთვის იარაღის უფასო გადაცემა. გამოცემა Axios-ის ცნობით, რუსეთის შეჭრიდან ოთხი წლის შემდეგ, ევროპამ ამერიკის შეერთებული შტატები ჩაანაცვლა.
უკრაინის მხარდაჭერის კილის ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, 2025 წელს ევროპის მთავრობებმა და ინსტიტუტებმა უპასუხეს ტრამპის მოწოდებას და სამხედრო დახმარება – 67 პროცენტით, ხოლო ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა 59 პროცნტით გაზარდეს. „აქსიოსის“ თანახმად, ტრამპი აიძულებს NATO-ს მოკავშირეებს, შეიძინონ ამერიკული იარაღი და თავად დააფინანსონ უკრაინის თავდაცვა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფრანს-პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, რუსეთის ოკუპაციისგან ბოლო პერიოში 300 კვადრატული კილომეტრია გათავისუფლებული. ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთთან ომში არ მარცხდება.
„ვერ იტყვით, რომ ომში ვმარცხდებით. გულწრფელად, ჩვენ ნამდვილად არ ვმარცხდებით. საქმე იმაშია, გავიმარჯვებთ თუ არა. დეტალებში არ შევალ, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, 300 კვადრატული კილომეტრია გათავისუფლებული,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, აშშ და რუსეთი უკრაინაზე ზეწოლას ახდენენ, რათა კიევმა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში დონბასი დათმოს.
„ამერიკელებიც და რუსებიც გვეუბნებიან: თუ გსურთ, ომი ხვალვე დასრულდეს, დონბასიდან გადით,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Kyodo News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა რეალური კომპრომისებისთვის, მაგრამ არა კომპრომისებისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე.
„მზად ვართ, ვისაუბროთ კომპრომისებზე შეერთებულ შტატებთან. მაგრამ არა იმისთვის, რომ რუსებისგან ისევ და ისევ მივიღოთ ულტიმატუმები. ისინი აგრესორები არიან. ყველამ აღიარა ეს. ეს არ შეცვლილა,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბევრი ქვეყანა, რომელიც ომის დასაწყისიდანვე იყო ან ცდილობდა, ყოფილიყო შუამავალი, განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში, ასევე, სხვა ქვეყნებში, ყველა აღიარებს, რომ რუსეთი აგრესორია.
„ამიტომაც უკვე ჩვენი მხრიდან კომპრომისია, რომ აგრესორთან კომპრომისებზე ვსაუბრობთ. „დავრჩეთ იქ, სადაც ვართ“ - ეს დიდი კომპრომისია. მათ ჩვენი ტერიტორიის თითქმის 20% წაიღეს. და ჩვენ მზად ვართ, ამ მომენტში მშვიდობაზე ვისაუბროთ „დავრჩეთ იქ, სადაც ვართ“-ს საფუძველზე. ეს დიდი კომპრომისია,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა მზად არის კომპრომისებისთვის, მაგრამ არა ულტიმატუმებისთვის.
„რას გვთავაზობს რუსეთი „კომპრომისად?“ რისთვის არიან მზად? მათ თქვეს: „ჩვენ მზად ვართ, არ დავიკავოთ თქვენი სხვა რეგიონები.“ მაგრამ ეს ტერორიზმია. ეს ტონიც კი, ტერორიზმია. „მზად ვარ, არ მოგკლათ - მოგვეცით ყველაფერი.“
რას ნიშნავს ეს? ეს კომპრომისი არ არის. ეს ულტიმატუმია. სწორედ ამიტომ ვთქვი: მზად ვართ, კომპრომისებისთვის, რომელიც პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს არმიას, ხალხს და შვილებს, მაგრამ ჩვენ მზად არ ვართ ულტიმატუმებისთვის,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
მანვე აღნიშნა, რომ 10 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება და უკიდურესად სახიფათოა, რომ ისინი თანამედროვე ჰიბრიდული ომის შესახებ ცოდნას იძენენ.
„მათ იციან, როგორ დაიცვან თავი რაკეტებისგან, სხვადასხვა ტიპის დრონებისგან - მათ შორის, ბოჭკოვანი ოპტიკური დრონებისგან - FPV-დან დაწყებული შორ მანძილზე მოქმედი დრონებით დამთავრებული. ისინი ახლა რუსეთის ტერიტორიაზე სწავლობენ, რადგან ჩვენ რუსეთის თავდასხმებს ვპასუხობთ. ასე რომ, მათ აქვთ ეს შესაძლებლობა,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ისინი ცოდნასა და გამოცდილებას ჩრდილოეთ კორეაში ჩაიტანენ.
„რას იზამენ ამ ცოდნით? სულ მცირე, ისინი ამ ცოდნასა და გამოცდილებას ჩრდილოეთ კორეაში ჩაიტანენ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ჟენევაში მომდევნო ათი დღის განმავლობაში გაიმართება.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესში ჯერ კიდევ არ არის შეთანხმება.
„ის ფაქტი, რომ ამჟამად ვერავინ ხედავს ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით რაიმე დადებით განვითარებას, რეალობაა და ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამხედრო საკითხებში, განსაკუთრებით, ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის საკითხში, პროგრესი იყო, ხოლო პოლიტიკურ საკითხებში - მათ შორის ტერიტორიებზე, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და სხვა მგრძნობიარე საკითხებზე - მხარეების პოზიციები განსხვავებული რჩება.
ასევე ცნობილია, რომ ცეცხლის შეწყვეტის სამომავლო მონიტორინგის შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია - შეერთებული შტატები პირველ პასუხისმგებლობას აიღებს. კერძოდ, აშშ მომავალში ცეცხლის შეწყვეტის პროცესის მონიტორინგს უხელმძღვანელებს.