რა ვარიანტებს განიხილავს ტრამპი ირანთან დაკავშირებით

Axios-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპი მზად არის, განიხილოს ირანის წინადადება ურანის „სიმბოლურად“ გამდიდრების შესახებ, თუმცა ბომბის შექმნის შესაძლებლობა უნდა გამოირიცხოს. განიხილება სხვა ვარიანტებიც.


გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს შესაძლო სამხედრო ვარიანტებიც წარუდგინეს, კერძოდ, ერთ-ერთი მათგანი აშშ-ის მიერ ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეისა და მისი შვილის განეიტრალებას გულისხმობს.


„ტრამპი მზად იქნება, რომ შეთანხმებას დათანხმდეს, რომელიც რეალური იქნება და რომლის პოლიტიკურად „გაყიდვასაც“ აშშ-ში შეძლებს. თუ ირანელებს თავდასხმის თავიდან აცილება სურთ, მაშინ მათ წინადადება უნდა შემოგვთავაზონ, რომელზეც უარს ვერ ვიტყვით,“ - განუცხადა გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.


მისი თქმით, „თუ ირანი „თამაშს“ გააგრძელებს, მაშინ ტრამპს მოთმინება ამოეწურება.“


თავის მხრივ, ტრამპმა განაცხადა, რომ ის განიხილავს ირანზე შეზღუდული სამხედრო დარტყმის განხორციელების შესაძლებლობას - ზეწოლა მოახდინოს ირანის ლიდერებზე, რათა ახალ შეთანხმებაზე დაითანხმოს. პრეზიდენტმა ეს კომენტარი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა პირებმა დარტყმის შესაძლებლობის შესახებ განაცხადეს.


ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი წინადადებას მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში შეიმუშავებს და აშშ-ს წარუდგენს. ტრამპის თქმით, ირანისთვის შეთანხმების დასადებად მიცემული ვადა, მაქსიმუმ, 10-15 დღეა.