თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტი, რომლის მონაწილე საქართველოა, ახალ ეტაპზე გადავა

მარტის დასაწყისში, სამხრეთის გაზის დერეფანთან დაკავშირებულ შეხვედრაზე, „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტი, რომელშიც საქართველო მონაწილეობს, ახალ ეტაპზე გადავა. ინიციატივა მიზნად ისახავს რეგიონში განახლებადი ენერგიის ტრანზიტისა და ექსპორტის გაძლიერებას. 


კერძოდ, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა ისაუბრა „მწვანე ენერგიის დერეფნის“ დაგეგმილ პროექტზე, რომელშიც აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი და ბულგარეთი მონაწილეობენ. 


მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია SOCAR დიდი ხანია, თურქეთისთვის მთავარი მომწოდებლები არიან და რომ უახლესი შეთანხმება უზრუნველყოფს ენერგეტიკული ვაჭრობის გაგრძელებას 2030 წლის შემდეგაც. მანვე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობა მხოლოდ ბუნებრივი აირით არ შემოიფარგლება.


„არსებობს „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტი აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის მონაწილეობით, რომელიც ითვალისწინებს, კერძოდ, ნახჩივანში განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტს თურქეთსა და ევროპაში. პირველი ხელმოწერები უკვე გაკეთებულია. სამხრეთის გაზის დერეფანთან დაკავშირებულ შეხვედრაზე, მარტის დასაწყისში, ჩვენ ვგეგმავთ პროექტის გადაყვანას შემდეგ ეტაპზე,“ — განაცხადა ბაირაქტარმა.


აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნორმალიზაციის პროცესში ენერგეტიკის სფეროში პოტენციური თანამშრომლობის შესახებ კითხვაზე ბაირაქტარმა განაცხადა, რომ სომხეთიც შეიძლება, გახდეს „მწვანე დერეფნის“ ინიციატივის ნაწილი.


„როდესაც ნორმალიზაციაზე ვსაუბრობთ, ასევე ვგულისხმობთ ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზაციას.“ „ჩვენ შეგვიძლია, ენერგეტიკის სფეროშიც განვავითაროთ თანამშრომლობა. შესაძლოა, იქ კარგი შესაძლებლობები იყოს. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი ყველასთვის სასარგებლო გზით წავა,“ - განაცხადა ალპარსლან ბაირაქტარმა.