ტრამპის თქმით, აშშ-მა ირანის საზღვაო ფლოტის ცხრა ხომალდი ჩაძირა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები ირანის საზღვაო ფლოტს ძირავენ, აქამდე ცხრა ირანული სამხედრო გემი გაანადგურეს და დანარჩენებსაც მისწვდებიან. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ცალკეული დარტყმის შედეგად ირანის საზღვაო ძალების შტაბ-ბინა მნიშვნელოვნად დაზიანდა.


„ახლახან მაცნობეს, რომ ჩვენ გავანადგურეთ და ჩავძირეთ ირანის საზღვაო ფლოტის ცხრა გემი, რომელთაგან ზოგიერთი საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი იყო. დანარჩენებსაც მივყვებით, ისინიც მალე იქნებიან ზღვის ფსკერზე,“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.


ტრამპმა განაცხადა, რომ დარტყმების შედეგად, ირანის 48 მაღალჩინოსანია მოკლული.


შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ოპერაცია სწრაფად მიმდინარეობს.

„არავის სჯერა, რამხელა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთდროულად არის მოკლული,“ – აღნიშნა ტრამპმა.


მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა The Atlantic-ის რეპორტიორს განუცხადა, რომ ირანის ახალ ლიდერებს „მასთან საუბარი სურთ და თავადაც დათანხმდა.“


„მათ საუბარი სურთ და მე დავთანხმდი საუბარს, ამიტომ, მათ გავესაუბრები. ეს უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. ის, რაც ძალიან პრაქტიკული და ადვილი იყო, უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. ისინი ძალიან დიდი ხანი იცდიდნენ,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.


დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, როდის გეგმავს ირანულ მხარესთან საუბარს.

„ამას ვერ გეტყვით,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.


ტრამპმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი ლიდერი, რომელთანაც აშშ-ის ადმინისტრაციის წევრები საუბრობდნენ, მოკლულია.

„ამ ადამიანების უმეტესობა დაიღუპა. ზოგიერთი იმ ადამიანთაგანიც დაიღუპა, ვისთანაც გვქონდა საქმე, რადგან ეს დიდი დარტყმა იყო,“ – აღნიშნა ტრამპმა.


ტრამპმა CNBC-თან სატელეფონო საუბრისას ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის ოპერაცია ირანში „დაგეგმილზე სწრაფად“ მიმდინარეობს.

„ეს არის ძალიან ძალადობრივი რეჟიმი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი რეჟიმი. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ყველაფერი გრაფიკზე ადრეა. ამჟამად ყველაფერი ძალიან პოზიტიურად ვითარდება, ძალიან პოზიტიურად,“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.