სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ირანის თავდასხმები დაგმეს და განაცხადეს, რომ თავდაცვის უფლება აქვთ

სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭომ რიგგარეშე შეხვედრა გამართა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის მიერ წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმები განიხილეს.


საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ბლოკმა დაგმო ირანის მიერ სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრ ქვეყნებზე განხორციელებული „აშკარა და გაუმართლებელი თავდასხმები“ და ხაზი გაუსვა წევრი სახელმწიფოების უფლებას, „მიიღონ ყველა საჭირო ზომა“ მათი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დასაცავად.


სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს რამდენიმე სახელმწიფოში აშშ-ის სამხედრო ობიექტებია განლაგებული, რაც მათ აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტის ეპიცენტრში აყენებს.


სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭო რეგიონული პოლიტიკურ-ეკონომიკური ბლოკია, რომელიც აერთიანებს საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, კატარს, ქუვეითს, ბაჰრეინს და ომანს. ალიანსი მჭიდროდ კოორდინაციას უწევს უსაფრთხოების, თავდაცვისა და ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებს და ხშირად იწვევს საგანგებო შეხვედრებს რეგიონული არასტაბილურობის პერიოდებში.


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირე ქვეყნებმა სპარსეთის ყურეში, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. აშშ, ბაჰრეინი, ქუვეიტი, კატარი, იორდანია, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები გმობენ ირანის „განურჩეველ და უგუნურ“ სარაკეტო შეტევებს და დრონებით თავდასხმებს რეგიონის ქვეყნების სუვერენულ ტერიტორიებზე, მათ შორის, ბაჰრეინში, ერაყში, იორდანიაში, ქუვეიტში, ომანში, კატარში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.


აშშ, ბაჰრეინი, ქუვეიტი, კატარი, იორდანია, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები აცხადებენ, რომ ირანის ქმედებები წარმოადგენს სახიფათო ესკალაციას, რომელიც არღვევს არაერთი სახელმწიფოს სუვერენიტეტს დ ემუქრება რეგიონულ სტაბილურობას. თავდასხმები სამოქალაქო მოსახლეობაზე იმ ქვეყნების, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობენ, შეფასებულია უგუნურ და დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებად. აშშ და მისი მოკავშირეები აცხადებენ, რომ ერთიანი არიან მოქალაქეების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დაცვაში და ადასტურებენ, რომ თავდაცვის უფლება აქვთ.


28 თებერვლიდან, აშშ-ის და ისრაელის იერიშის საპასუხოდ, ირანმა დაარტყა სულ მცირე ექვს ამერიკულ სამხედრო ობიექტს ბაჰრეინში, ერაყში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში. The New York Times-ის ცნობით,  ყველაზე დიდი ნგრევა დაფიქსირებულია ქუვეითში, არიფჯანის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, სადაც სამი სამხედრო დაიღუპა და ხუთი დაიჭრა.

ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში ირანმა დრონებით და რაკეტებით შეუტია აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბს, დაზიანებულია რამდენიმე შენობა. დარტყმის დროს პორტში ამერიკული გემები არ იმყოფებოდნენ.


ერაყში შეტევა იყო ერბილის აეროპორტში მდებარე ამერიკულ ბაზაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჯებელ-ალის პორტში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტზე.

რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზების გარდა ირანის ძალებმა იერიში მიიტანეს ზოგიერთ აეროპორტზეც, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინსა და ქუვეითში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა.


არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში აფეთქებები იყო ორ სასტუმროსთანაც, მათ შორის, ხუთვარსკვლავიან „ბურჯ-ელ-არაბთან." დაზიანდა სახლებიც. ადგილობრივი ხელისუფლება დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდა. საამიროების თავდაცვის სამინისტრომ პირველ მარტს განაცხადა, რომ გასულ 24 საათში სამი ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა. ერთი დაღუპულის და 30-ზე მეტი დაჭრილის შესახებ იუწყებოდა ქუვეითის ჯანდაცვის სამინისტრო.


ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ირანის ძალები რეგიონში მხოლოდ ამერიკულ სამხედრო ობიექტებს უტევენ.


სააგენტოების, Reuters-ის და France Presse-ის ცნობით, დღეს, 2 მარტს დუბაისა და დოჰაში ისევ აფეთქებები იყო.