დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ დარტყმების დიდი ტალღა ჯერ კიდევ წინ არის. აშშ-ის პრეზიდეენტმა მედიას განუცხადა, რომ ირანში სახმელეთო ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს, „თუ ეს საჭირო იქნება.“
თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა ასევე მიანიშნა ორშაბათს, რომ ირანში ჯარების განლაგება არ არის გამორიცხული. როდესაც ჰეგსეთს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, უკვე იმყოფებოდნენ თუ არა სამხედროები ადგილზე, მან განაცხადა: „არა, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ იმის განსაზღვრას, თუ რას გავაკეთებთ ან არ გავაკეთებთ.“
„ჩვენ იმდენად შორს წავალთ, რამდენადაც საჭირო იქნება,“ - აღნიშნა ჰეგსეთმა. რაც შეეხება შეკითხვას, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ოპერაცია, ჰეგსეთმა უპასუხა: „ოთხი კვირა, ორი კვირა, ექვსი კვირა, შეიძლება, გაიზარდოს. შეიძლება- პირიქით.
28 თებერვლიდან, აშშ-ის და ისრაელის იერიშის საპასუხოდ, ირანმა დაარტყა სულ მცირე ექვს ამერიკულ სამხედრო ობიექტს ბაჰრეინში, ერაყში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში. The New York Times-ის ცნობით, ყველაზე დიდი ნგრევა დაფიქსირებულია ქუვეითში, არიფჯანის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, სადაც სამი სამხედრო დაიღუპა და ხუთი დაიჭრა.
ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში ირანმა დრონებით და რაკეტებით შეუტია აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბს, დაზიანებულია რამდენიმე შენობა. დარტყმის დროს პორტში ამერიკული გემები არ იმყოფებოდნენ.
ერაყში შეტევა იყო ერბილის აეროპორტში მდებარე ამერიკულ ბაზაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჯებელ-ალის პორტში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტზე.
რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზების გარდა ირანის ძალებმა იერიში მიიტანეს ზოგიერთ აეროპორტზეც, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინსა და ქუვეითში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში აფეთქებები იყო ორ სასტუმროსთანაც, მათ შორის, ხუთვარსკვლავიან „ბურჯ-ელ-არაბთან." დაზიანდა სახლებიც. ადგილობრივი ხელისუფლება დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდა. საამიროების თავდაცვის სამინისტრომ პირველ მარტს განაცხადა, რომ გასულ 24 საათში სამი ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა. ერთი დაღუპულის და 30-ზე მეტი დაჭრილის შესახებ იუწყებოდა ქუვეითის ჯანდაცვის სამინისტრო.
ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ირანის ძალები რეგიონში მხოლოდ ამერიკულ სამხედრო ობიექტებს უტევენ.
სააგენტოების, Reuters-ის და France Presse-ის ცნობით, დღეს, 2 მარტს დუბაისა და დოჰაში ისევ აფეთქებები იყო.