„წითელი ნახევარმთვარის“ ცნობით, ირანში დაღუპულთა რიცხვი 787-მდე გაიზარდა

ირანის „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების“ შეფასებით, აშშ-სა და ისრაელის მიერ საჰაერო შეტევის დაწყების შემდეგ, ირანში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 787-მდე გაიზარდა.


ირანის „წითელი ნახევარმთვარის“ მონაცემებით, შაბათის შემდეგ 504 ლოკაციაზე 1 039 თავდასხმა დაფიქსირდა.

დღეს ირანში სკოლის დაბომბვის შედეგად, დაღუპულთა დაკრძალვის ცერემონია გაიმართა.


ქალაქ მინაბის ცენტრალურ ქუჩებსა და მთავარ მოედანზე ხალხის დიდი რაოდენობა შეიკრიბა, მათ ნაწილს ხელში დაღუპულების ფოტოები ეჭირათ და აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ პროტესტის გამომხატველ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

ირანის ოფიციალური პირების თქმით, შაბათს დილით, ქალაქ მინაბის სკოლაზე აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად სულ მცირე 168 მოსწავლე დაიღუპა.

ნორვეგიაში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, Hengaw-ის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა მინიმუმ 1 500-ს მიაღწია, მათ შორის, 200 მშვიდობიანი მოქალაქე და ირანის ძალების 1 300 წევრია.


ისრაელი აცხადებს, რომ თეირანში პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, ახალი თავდასხმები განახორციელა. ისრაელში თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ სახმელეთო ჯარები „წინ წავლენ და ლიბანში დამატებით სტრატეგიულ ტერიტორიებს დაიკავებენ თავდასხმების შესაჩერებლად.“


28 თებერვალს აშშ-მ და ისრაელმა ირანს დაარტყეს, რის შედეგადაც, უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს, რასაც ირანმა რეგიონში თავდასხმების ტალღით უპასუხა.