გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ირანში ომის სწრაფად დასრულების იმედოვნებს.
„შაბათის თავდასხმების შემდეგ, გაზისა და ნავთობის ფასების ზრდა „რა თქმა უნდა, აზიანებს ჩვენს ეკონომიკას,“- განაცხადა მერცმა.
ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში შეხვედრაზე განაცხადა.
„თეირანის ამ სასტიკი რეჟიმის მოშორების საკითხში ჩვენ ერთ აზრზე ვართ. იმედი გვაქვს, რომ ეს ომი მალე დასრულდება,“ - განაცხადა მერცმა.
მერცმა იმედი გამოთქვა, რომ „აშშ-ისა და ისრაელის არმიები სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ, რათა ომი დასრულდეს.“
„ასევე, იმისთვის, რომ ადგილზე ნამდვილი ახალი მთავრობა შეიქმნას, რომელიც მშვიდობისა და თავისუფლების გზას დაუბრუნდება,“ - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ტრამპმა იწინასწარმეტყველა, რომ ომის შემდეგ ნავთობის ფასები დაეცემა.
შეკითხვას - ვინმე თუ წარმოუდგენია ვაშინგტონს, ვინც ირანს გაუძღვებოდა, ტრამპმა განაცხადა "ყველა, ვინც წარმომედგინა, მკვდარია":
"ვფიქრობდით ზოგიერთზე იმ ჯგუფიდან, რომელიც მკვდარია. ვფიქრობდით მეორე ჯგუფზე და, არსებული ცნობებით, შეიძლება, ისინიც მკვდრები იყვნენ. ვფიქრობ, მესამე ნაკადი შემოდის. საკმაოდ მალე ჩვენთვის ნაცნობი იქ აღარავინ იქნება."
კიდევ ერთ დამაზუსტებელ შეკითხვაზე - განიხილება თუ არა ერთ-ერთ ვარიანტად რეზა ფეჰლავი - აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:
"ზოგიერთს ის მოსწონს. ამაზე ძალიან ბევრს არ ვფიქრობთ. ჩემი წარმოდგენით, ვიღაც შიგნიდან შეიძლება უფრო შესაბამისი იყოს. მე ეს ვთქვი. ის [ფეჰლავი - რ.თ.] ძალიან სასიამოვნო პიროვნება ჩანს, მაგრამ ჩემი წარმოდგენით, [ეს უნდა იყოს] ვიღაც, ვინც იქ არის, რომელიც ახლა პოპულარულია, თუკი ასეთი პირი არის... არიან ასეთები. გვყავს ასეთები, რომლებიც უფრო ზომიერები არიან. ესენი რადიკალი გიჟები იყვნენ. მხოლოდ ხალხს ხოცავდნენ."
მერცს არ გაუკრიტიკებია აშშ-ის საჰაერო დარტყმები, მაგრამ მან თავი შეიკავა ოპერაციის მხარდაჭერისგან, რომელიც ტრამპის კრიტიკოსების თქმით, ჩატარდა საკმარისი ახსნა-განმარტების და საერთაშორისო სამართალში საჭირო სამართლებრივი მხარდაჭერის გარეშე. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს გერმანიასთან და კერძოდ, მერცთან, რომელსაც „შესანიშნავი ლიდერი“ უწოდა.