როგორი იქნება ვენესუელასა და ირანში აშშ-ის სამხედრო მოქმედებების პოტენციური გავლენა ჩინეთის ნავთობმომარაგებაზე - პეკინმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მიიღებს აუცილებელ ზომებს საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
„ენერგეტიკული უსაფრთხოება „დიდი მნიშვნელობისაა გლობალური ეკონომიკისთვის და ყველა მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს სტაბილური და შეუფერხებელი ენერგომომარაგება,“ - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ჩინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ძალის გამოყენებას საერთაშორისო ურთიერთობებში სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დარღვევის მიზნით.
„შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო დარტყმები, გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე, საერთაშორისო სამართალს არღვევს. ჩინეთი ღრმად შეშფოთებულია ომის მეზობელ ქვეყნებში გავრცელებით. ჩინეთი მიიჩნევს, რომ სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა ასევე სრულად უნდა იყოს დაცული. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეწყვიტონ სამხედრო ოპერაციები და თავიდან აიცილონ ომის შემდგომი გავრცელება,“ – განაცხადა ჩინეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინმა.
პეკინმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისა და ირანელ კოლეგას სეიედ აბას არაღჩის შორის სატელეფონო საუბრის დროს, ხამენეის მკვლელობა დაგმო, მაგრამ ასევე მოუწოდა თეირანს, „სერიოზულად მოეკიდოს მეზობელი ქვეყნების ლეგიტიმურ შეშფოთებას.“
ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, სპიკერმა გამოთქვა ჩინეთის „დიდი შეშფოთება“ და კიდევ ერთხელ გამოვიდა მოწოდებით საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ, დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით.“ მანვე აღნიშნა, რომ პეკინი „პატივს სცემს“ ირანის უფლებას ბირთვული ენერგიის მშვიდობიან გამოყენებაზე.
ჩინეთი, მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა. პეკინი კატარის LNG-ის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია.
ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის მონაცემების თანახმად, ახლო აღმოსავლეთიდან ჩინეთში ნავთობის გადასაზიდად სუპერტანკერის დაქირავების ღირებულება გასული კვირის ფასთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა და ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს, 400 000 აშშ დოლარზე მეტს (298 300 ფუნტი სტერლინგი) მიაღწია.
მხოლოდ ჩინეთი, სავარაუდოდ, ირანის მიერ გლობალურ ბაზარზე ექსპორტირებული ნავთობის დაახლოებით 90%-ს ყიდულობს. რადგან ჩინეთი ამ ნავთობს იყენებს პროდუქციის წარმოებისთვის, რომლებიც შემდეგ, სხვა ქვეყნებში ექსპორტზე გააქვს, ნავთობის უფრო მაღალმა ფასებმა შეიძლება, ასევე გამოიწვიოს უფრო მაღალი ფასები მომხმარებლებისთვის, მთელ მსოფლიოში.
სრუტის ბლოკირებამ შესაძლოა, კიდევ უფრო გაზარდოს საქონლისა და მომსახურების ფასები მთელ მსოფლიოში და დააზარალოს მსოფლიოს ზოგიერთი უდიდესი ეკონომიკა, მათ შორის, ჩინეთი, ინდოეთი და იაპონია, რომლებიც ამ მარშრუტზე გამავალი ნედლი ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორები არიან.