თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის თავდაცვის უწყების განმარტებით, ირანული რაკეტა ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემდეგ, თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიემართებოდა, როდესაც ის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განლაგებულმა NATO-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს.
თავდაცვის უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, გარდაცვლილები და დაშავებულები არ არიან.
„ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და შესაძლებლობები უმაღლეს დონეზეა. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი მხარს უჭერს რეგიონულ სტაბილურობასა და მშვიდობას, მას შეუძლია ,უზრუნველყოს თავისი ტერიტორიისა და მოქალაქეების უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, თუ ვისგან ან საიდან მოდის საფრთხე. ჩვენი ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის დასაცავად გადადგმული ყველა ნაბიჯი გადამწყვეტად და ყოყმანის გარეშე გადაიდგმება.
შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის მიმართ ნებისმიერ მტრულ დამოკიდებულებას," - ნათქვამია თურქეთს თავდაცვის უწყების განცხადებაში.
NATO-მ თურქეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვება დაგმო. ამის შესახებ განცხადება NATO-ს პრესსპიკერმა ალისონ ჰარტიმ გააკეთა.
„NATO მტკიცედ დგას ყველა მოკავშირის გვერდით, მათ შორის, თურქეთის გვერდით, მაშინ როდესაც ირანი აგრძელებს განურჩეველ თავდასხმებს რეგიონში. ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის პოზიცია ყველა სფეროში ძლიერია, მათ შორის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის კუთხით,“ - განაცხადა NATO-ს პრესსპიკერმა.