შრი-ლანკასთან, ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა ირანული სამხედრო გემი ჩაძირა - ჰეგსეთი

შრი-ლანკის სანაპიროსთან, ირანული სამხედრო გემი აშშ-ის შეიარაღებული ძალების დარტყმის შედეგად ჩაიძირა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სამხრეთ აზიის ქვეყანასა და ირანს შორის მანძილი დაახლოებით 4000 კილომეტრია. 


შრი-ლანკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ფრეგატ IRIS Dena-ზე თავდასხმის შედეგად, რომელიც აღმოსავლეთ ინდოეთის პორტიდან ირანში ბრუნდებოდა, სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა. 


Reuters-ის წყაროების ცნობით, ირანულ სამხედრო გემზე დარტყმა აშშ-ის სამხედრო წყალქვეშა ნავიდან განხორციელდა.


მანამდე, შრი-ლანკის საზღვაო ძალებში განაცხადეს, რომ გემის ეკიპაჟის 32 წევრის გადარჩენა შეძლეს.


„ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა ჩაძირა ირანული სამხედრო ხომალდი, რომელიც ფიქრობდა, რომ საერთაშორისო წყლებში უსაფრთხოდ იყო,“ - განაცხადა ომის დეპატრტამენტის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა პენტაგონში.

ფრეგატი წყალქვეშა ნავიდან ტორპედოს გასროლით ჩაიძირა.

ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში ფლოტის დანაკარგების შესახებ არაფერი უთქვამთ.


შრი-ლანკის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გემზე 180 პირი იმყოფებოდა. ფრეგატი ბენგალის ყურეში 18-25 თებერვალს გამართულ საზღვაო წვრთნებში მონაწილეობდა. 

ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა აშშ-მ გემი ტორპედოთი ჩაძირა.


აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) 3 მარტს განაცხადა, რომ ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან, 28 თებერვლიდან ირანს გაუნადგურეს 17 გემი, მათ შორის ყველაზე ბრძოლისუნარიანი წყალქვეშა ნავი.