ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ უნგრეთი უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებას დაბლოკავს, მაშინ ვიქტორ ორბანის მისამართს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მისცემს.
„ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირში ერთი ადამიანი 90 მილიარდიდან პირველ ტრანშს არ დაბლოკავს და უკრაინელ სამხედროებს იარაღი ექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ბიჭებს მივცემ. დაე, მას დაურეკონ და მისთვის გასაგებ ენაზე ესაუბრონ,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ამ პირის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა როგორც ჩანს, ეს კომენტარები უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ეხება.
ცნობისთვის, მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ „უკრაინას აიძულებს, უნგრეთისთვის „დრუჟბას“ ნავთობსადენით ნავთობის მიწოდება განაახლოს“.
„არანაირი შეთანხმება და კომპრომისი არ იქნება. ჩვენ ძალის გამოყენებით გავარღვევთ უკრაინის ნავთობის ბლოკადას. გარწმუნებთ, რომ ამისთვის სამხედრო ძალის გამოყენება ჩვენს გეგმებში არ შედის, მაგრამ ჩვენ პოლიტიკური და ფინანსური ინსტრუმენტები გვაქვს,“ - აღნიშნა ორბანმა.
ევროკომისია უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან დაკავშირებით ზელენსკის ბოლოდროინდელ განცხადებებს მიუღებლად მიიჩნევს. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, ოლოფ გილმა განაცხადა. მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ უნდა ემუქრებოდეს. ოლოფ გილი აღნიშნავს, რომ ასეთი რიტორიკა არცერთი მხრიდან არაა სასარგებლო და არც საერთო მიზნების მიღწევას უწყობს ხელს.