აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა Axios-თან მოკლე სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან ომი „მალე“ დასრულდება, რადგან პრაქტიკულად აღარ დარჩა სამიზნეები.
„როცა მენდომება, რომ დასრულდეს, დამთავრდება. ომი შესანიშნავად მიმდინარეობს. ჩვენ გრაფიკს გაცილებით ვასწრებთ. ჩვენ მათ იმაზე მეტი ზიანი მივაყენეთ, ვიდრე წარმოგვედგინა, თუნდაც თავდაპირველი ექვსკვირიანი პერიოდის განმავლობაში,“ – აღნიშნა ტრამპმა.
Axios-ის თანახმად, აშშ-მ მიიღო სადაზვერო ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანმა დაიწყო ნაღმების დადება ჰორმუზის სრუტეში – ნავთობით მომარაგების ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ წერტილში. ოფიციალური პირების თქმით, გაურკვეველია, რამდენი ნაღმი განათავსა ირანმა, თუმცა, არსებული შეფასებით, ეს რიცხვი ძალიან მცირეა. ტრამპმა Axios-ს დაუდასტურა, რომ აშშ-ის მიერ განხორციელებულმა დარტყმებმა ნაღმის დამდები 16 ნავი გაანადგურა და ირანის გეგმები ჩაშალა.