Reuters-ი: აშშ-ის დაზვერვის ცნობით, უახლოე მომავალში ირანის მთავრობას კოლაფსი არ ემუქრება

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, ირანის ხელმძღვანელობა ძირითადად შენარჩუნებულია და აშშ-ისა და ისრაელის თითქმის ორკვირიანი უწყვეტი დაბომბვის შემდეგად, უახლოეს მომავალში მისი ჩამოშლის საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ სამმა ინფორმირებულმა წყარომ Reuters-ს განუცხადა.


ერთ-ერთი წყაროს თქმით, მრავალი სადაზვერვო ანგარიში იძლევა ერთგვაროვან შეფასებას, რომ რეჟიმი ჩამოშლის საფრთხის წინაშე არ დგას და ის კვლავ ინარჩუნებს კონტროლს ირანის მოსახლეობაზე. 


სადაზვერვო მონაცემები ასევე მიუთითებს ირანის უზენაესი ლიდერების ერთიანობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ალი ხამენეი 28 თებერვალს — აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების პირველ დღეს დაიღუპა.


გამოცემას ისრაელის მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ ისრაელის ოფიციალურმა პირებმა დახურულ დისკუსიებში ასევე აღიარეს, რომ არ არსებობს გარანტია, რომ ომი მმართველობიდან ხსენებული ლიდერების ჩამოშორებას გამოიწვევს. წყაროებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ ადგილზე ვითარება ცვალებადია და ირანში დინამიკა, შეიძლება, შეიცვალოს.


„ისრაელს არ აქვს განზრახვა, რომ ყოფილი ხელისუფლების რომელიმე ნარჩენი ხელუხლებლად დატოვოს,“ — განაცხადა საკითხთან დაკავშირებულმა მეოთხე წყარომ.


ამასთან, ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორ შეიძლება, მოქმედმა ამერიკულ-ისრაელის სამხედრო კამპანიამ ხელისუფლების ჩამოშლა გამოიწვიოს.

წყაროს თქმით, ამისთვის სავარაუდოდ, საჭირო იქნებოდა სახმელეთო სამხედრო ოპერაცია, რომელიც ირანში მცხოვრებ ადამიანებს მისცემდა შესაძლებლობას, ქუჩაში საპროტესტოდ გამოვიდნენ.

ამავე დროს, ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ არ გამოურიცხავს ამერიკული ჯარების ირანში გაგზავნის შესაძლებლობა.