სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორების განცხადებით, დაიწყეს გამოძიება იმის შესახებ, ჩაიდინა თუ არა ბელარუსის მთავრობამ დანაშაულები, რამაც მისი ოპონენტების დეპორტაცია გამოიწვია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ბელორუსი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი არ არის, მაგრამ საქმე ლიეტუვამ აღძრა, რომელიც ამ სასამართლოს წევრია.
ლიეტუვამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურისგან მოითხოვა, გამოიძიოს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები ბელარუსში და აღნიშნა, რომ სავარაუდო დანაშაულების ელემენტების ნაწილი ლიეტუვის ტერიტორიაზე ჩაიდინეს, რომელიც სასამართლოს წევრია.
პროკურორებმა დაადგინეს, რომ ბელორუსის ხელისუფლებამ სავარაუდო დანაშაულების ნაწილი ლიეტუვის ტერიტორიაზე ჩაიდინა, რაც მათ გამოძიების ჩატარების იურისდიქციას ანიჭებს.
პროკურორების განმარტებით, არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ბელორუსის ქმედებები მიმართული იყო მთავრობის „ფაქტობრივი ან სავარაუდო ოპონენტების“ წინააღმდეგ.
„ასევე არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ეს დანაშაულები ჩადენილი იქნა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი და სისტემატური თავდასხმის ფარგლებში, მათი მასშტაბის, მსხვერპლთა რაოდენობისა და ქმედებების ორგანიზებული ხასიათის გათვალისწინებით,“ - განაცხადეს სასამართლოს პროკურორებმა.