ტრამპი აცხადებს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმები მოულოდნელი იყო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა მოუწოდა მოკავშირეებს, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გასახსნელად, სამხედრო დახმარება გასწიონ, რათა გლობალური ეკონომიკური ზეგავლენა შემსუბუქდეს. ჯერჯერობით, მისი მოთხოვნები უარყოფილია.


„გვსურს, რომ სრუტესთან დაკავშირებით დაგვეხმარონ. ბევრმა ქვეყანამ მითხრა, რომ უკვე გზაში არიან. ზოგიერთი მათგანი ენთუზიაზმით არის განწყობილი. ზოგიერთი ნაკლებად. ქვეყნები, რომლებსაც ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვიცავდით, დიდ ენთუზიაზმს არ ავლენენ. ენთუზიაზმის დონე კი, ჩემთვის მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


სამშაბათს, 17 მაისს, Reuters-თან ინტერვიუში, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ სრუტის გახსნისთვის დიპლომატიური გზები უნდა მოიძებნოს.


„არავინ არის მზად, რომ თავისი ხალხი საფრთხეში ჩააგდოს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ დიპლომატიური გზები, რათა ეს გზა ღიად შევინარჩუნოთ, არ გვქონდეს საკვების კრიზისი, სასუქების კრიზისი, ენერგეტიკული კრიზისიც,“ - განაცხადა კალასმა.


ირანმა აშშ-ისრაელის შეტევებს, სპარსეთის ყურის მეზობლებზე თავდასხმით უპასუხა, რასაც ტრამპმა მოულოდნელი უწოდა.


„ისინი (ირანი) არ უნდა დასხმოდნენ თავს ახლო აღმოსავლეთის ყველა ამ ქვეყანას. ამას არავინ ელოდა. შოკირებულები ვიყავით. არავინ, არავინ არ ელოდა. უდიდესი ექსპერტებიც კი არ ფიქრობდნენ ამას,“ - აღნიშნა ტრამპმა.


როგორც ახლო აღმოსავლეთში მყოფმა ექვსმა უცხოელმა დიპლომატმა Reuters-ს განუცხადა, მოსალოდნელი იყო, რომ თეირანი სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებს დაესხმებოდა თავს, თუ აშშ ან ისრაელი ირანზე იერიშს მიიტანდა. მათი თქმით, ამ შეფასებას რეგიონული და დასავლური მთავრობებიც იზიარებდნენ.


სპარსეთის ყურის არაბულმა სახელმწიფოებმა, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, 28 თებერვლის შემდეგ, ირანთან ომის დაწყებიდან, 2000-ზე მეტი სარაკეტო და დრონებით თავდასხმა განიცადეს, რამაც აშშ-ის დიპლომატიური მისიები და სამხედრო ბაზები, ასევე, ნავთობის ინფრასტრუქტურა, პორტები, აეროპორტები, გემები, საცხოვრებელი და კომერციული შენობები დააზიანა.


ფუჯაირას პორტში ნავთობის ჩატვირთვა სამშაბათს, სულ მცირე, ნაწილობრივ შეჩერდა მას შემდეგ, რაც ოთხ დღეში მესამე თავდასხმამ ექსპორტის ტერმინალში ხანძარი გამოიწვია. ფუჯაირა მნიშვნელოვანია, რადგან ის ყურისგან ჰორმუზის სრუტის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს, რაც მას იმ მცირერიცხოვან პორტებს შორის აქცევს, საიდანაც რეგიონის მასშტაბით ნავთობის გადაზიდვა ბლოკირებულ სივრცეში გზის გავლის გარეშეა შესაძლებელი.