აშშ-ის ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ ომის მხარდაჭერა არ შეუძლია. შესაბამისი განცხადება ჯო კენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
კენტი ამბობს, რომ „სუფთა სინდისით ვერ დაუჭერს მხარს ირანში მიმდინარე ომს.“
გადადგომის წერილში ტრამპისადმი მიმართვისას კენტი ამბობს: „ირანი ჩვენი ერისთვის გარდაუვალ საფრთხეს არ წარმოადგენდა და ცხადია, რომ ეს ომი ისრაელისა და მისი ძლიერი ამერიკული ლობის ზეწოლის გამო დავიწყეთ. მე მხარს ვუჭერ იმ ღირებულებებსა და საგარეო პოლიტიკას, რომლისთვისაც თქვენ 2016, 2020, 2024 წლებში იბრძოდით და რომელიც თქვენი პირველი ვადის განმავლობაში განახორციელეთ. 2025 წლის ივნისამდე თქვენ გესმოდათ, რომ ახლო აღმოსავლეთის ომი ხაფანგია, რომელიც ამერიკას პატრიოტების სიცოცხლეს ართმევს.“
Reuters-ი წერს, რომ დაზვერვის სფეროს თანამშრომლებისთვის, კენტის გადადგომა მოულოდნელი იყო.
კენტის გადადგომას გამოეხმაურა დონალდ ტრამპი.
„მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ის კარგი ბიჭი იყო, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ უსაფრთხოების საკითხში სუსტი იყო - ძალიან სუსტი. კარგად არ ვიცნობდი, მაგრამ საკმაოდ კარგი ბიჭი ჩანდა. მაგრამ როდესაც მისი განცხადება წავიკითხე, მივხვდი, რომ კარგია, რომ ის თანამდებობიდან წავიდა, რადგან თქვა, რომ ირანი საფრთხეს არ წარმოადგენდა. ირანი საფრთხეს წარმოადგენდა - ეს ყველა ქვეყანამ გააცნობიერა,“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.