„არჩევნებში თუ ოპოზიციური ძალები გაიმარჯვებენ, სომხეთი ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება“ - ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოელის, რომ მისი ხელმძღვანელობით მოქმედი პოლიტიკური ძალა 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში საკმარის ხმებს დააგროვებს კონსტიტუციური უმრავლესობის მოსაპოვებლად. ფაშინიანის თქმით, თუკი სომხეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური ძალები მოიპოვებენ გამარჯვებას, ქვეყანა ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. 


პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეს განცხადება მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.


„ჩვენ ველით, რომ ამ არჩევნების შედეგად კონსტიტუციურ უმრავლესობას მივაღწევთ, რადგან ეს იძლევა გარანტიას, რომ განსაკუთრებით, რეგიონული მშვიდობის კონტექსტში, პროცესებს სრულიად შეუქცევადს გავხდით,“ - განაცხადა ფაშინიანმა კონკრეტული ჯგუფებისა თუ პოლიტიკოსების დასახელების გარეშე.


ფაშინიანმა ზოგიერთი ოპოზიციური ძალა აზერბაიჯანთან ახალი ომის მომზადებაში დაადანაშაულა.


„ეს პარტიები და ეს წრეები, პირველ რიგში, აცხადებენ, რომ ისინი მშვიდობის წინააღმდეგი არ არიან და მეორეც, ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მშვიდობის გადახედვას დაიწყებენ. მინდა ძალიან პირდაპირ ვთქვა, რომ ეს იქნება ომი არამხოლოდ ტერიტორიის, არამედ, სომხეთის სუვერენიტეტის დაკარგვით.


ფაშინიანის თქმით, ზოგიერთ ოპოზიციურ ფიგურას, რომლებიც აწარმოებენ წინასაარჩევნო კამპანიას, „ალბათ, არც კი ესმის, რას ამბობენ“, რაც, მისი თქმით, იმაზე მიანიშნებს, რომ მათ განცხადებებზე გარე ძალებს აქვთ ზეგავლენა.


„ყველა ეს ძალა ემხრობა მშვიდობის გადახედვას, რაც არჩევნების შემდეგ ძალიან მალე, ყველაზე გვიან შემოდგომაზე, გარდაუვალ ომს ნიშნავს... ისინი ამზადებენ ახალ სექტემბრის ომს, მძიმე შედეგებით,“ - აღნიშნა ფაშინიანმა.


„ყარაბაღისთვის ყველაფერი რამდენიმე დღეში დასრულდა. ახლა იგივე ძალები იმავეს გაკეთებას სომხეთის რესპუბლიკასთან საპარლამენტო არჩევნების შედეგად ცდილობენ. მათ განზრახვებში არანაირი განსხვავება არ არის,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. 

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს გაიმართება.