აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი შეერთებულ შტატებთან მნიშვნელოვან დათმობაზე წავიდა, რაც ენერგეტიკის სფეროს მოიცავს.
ტრამპმა თეირანის ნაბიჯი დადებით მოვლენად შეაფასა, თუმცა დეტალები მას არ დაუკონკრეტებია.
აშშ-ის ლიდერმა მიანიშნა, რომ ირანის „საჩუქარი“ ჰორმუზის სრუტეს უკავშირდებოდა - ნავთობის სატრანზიტო გზას, რომლის გახსნასაც აშშ ცდილობს.
"მათ საჩუქარი გაგვიკეთეს და ეს საჩუქარი დღეს ჩამოვიდა, ეს ძალიან დიდი საჩუქარია, რომელიც უზარმაზარი თანხა ღირს," - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში.
მანვე აღნნიშნა, რომ ეს „არ უკავშირდება ბირთვულ [საკითხს], ეს უკავშირდება ნავთობსა და გაზს, და მათ [ირანმა] ძალიან კარგი რაღაც გააკეთეს.“
ტრამპის თქმით, აშშ ირანში "საჭირო ხალხს" ელაპარაკება კონფლიქტის დასრულებისთვის და ირანელებს ძალიან უნდათ შეთანხმების მიღწევა.
„ჩვენ ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ,“ - განაცხადა ტრამპმა.
უფრო ადრე, ისრაელის გამოცემა Ynet-ი წერდა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაყჩისა და აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლის სტივ უიტკოფის სატელეფონო საუბარი გახდა გარდამტეხი მომენტი, რომელსაც მოჰყვა ტრამპის გადაწყვეტილება, შეაჩეროს დარტყმები ირანის ენერგეტიკაზე და მოლაპარაკება დაიწყოს.