რუბიო უარყოფს, რომ აშშ-მ კიევს უსაფრთხოების გარანტიები დონბასის დათმობის ნაცვლად შესთავაზა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უარყოფს ზელენსკის განცხადებას, რომ აშშ-მ უკრაინას უსაფრთხოების შეთანხმების სანაცვლოდ რუსეთისთვის მიწის დათმობა სთხოვა.


საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას რუბიომ უარყო ზელენსკის ბოლოდროინდელი კომენტარები და განმარტა, რომ აშშ-ს უკრაინასთან მოლაპარაკებებში ასეთი პირობა არ დაუდია.


"ეს სიცრუეა. ვნახე, რომ მან ეს თქვა, რაც სამწუხაროა, რადგან მან იცის, რომ ეს არ არის სიმართლე," - განaცხადა რუბიომ.


„რაც მას ვუთხარით, ძალიან აშკარაა: უსაფრთხოების გარანტიები ძალაში ომის დასრულებამდე ვერ შევა, რადგან სხვაგვარად შენ ომში ერთვები. რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტია? ეს ნიშნავს სამხედროებს, რომლებიც მზად არიან, ჩაერიონ და უსაფრთხოება უზრუნველყონ. თუ ამას ახლავე აამოქმედებ, ეს ნიშნავს, რომ შენს თავს ომში რთავ,“ - განაცხადა რუბიომ.



განახლება: პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას უპასუხა, რომელშიც მან უკრაინის ლიდერი „ტყუილში“ დაადანაშაულა. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არასდროს უთქვამს, რომ აშშ მასზე ზეწოლას ახდენდა.


„რაც შეეხება ამერიკის მხარესა თუ სახელმწიფო მდივანს, იცით, როგორც იტყვიან, აისბერგის უდიდესი ნაწილი არ მოჩანს, ხო? ასე რომ, დამიჯერეთ, მე უმცირესი ნაწილი გამოვაჩინე. მე სრულიად გულწრფელად ვლაპარაკობ. ამის ფორმულირება სხვადასხვაგვარად შეგიძლიათ.“


ზელენსკიმ ასევე განმარტა, რა ხდება დიპლომატიურ ასპარეზზე და ის, თუ როდისთვის ჰპირდებიან ამერიკელები უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს:

„თუკი დღეს რუსეთი ერთობ ულტიმატუმად ჟღერს: რომ ის ომს დაასრულებს მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთელი ტერიტორიიდან გაყვანის შემდეგ... და თუკი ეს ულტიმატუმი ისმის და ამერიკული მხარე ამბობს: „მას შემდეგ, რაც რუსეთი ომს შეწყვეტს, მოგცემთ გარანტიებს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოგცემთო“, ამის მიმართ შეიძლება სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება გქონდეს, მაგრამ ყველა სიგნალი, რომლებსაც მოლაპარაკებების მთელი პროცესის განმავლობაში ვიღებთ, მეტყველებს იმაზე (და ეს მხოლოდ ჩემი ანალიზი არ არის)...


ეს აბსოლუტურად პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებას შევძლებთ არა ცეცხლის შეწყვეტამდე, არა ომის დასრულებამდე, არამედ, მას შემდეგ, რაც ჩვენი ჯარები გამოვლენ დონბასიდან, რაც წარმოადგენს ომის დასრულების პირობას.“


ზელენსკის თქმით, უკრაინას სურს აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე ხელმოწერა ომის დასრულებამდე, რაზეც ნათქვამი აქვს აშშ-ის პრეზიდენტისთვის და არამხოლოდ მისთვის.


„ისინი თითქმის მზად იყვნენ. მსურს, ყველას შევახსენო, რომ ომის დასრულებამდე გვინდა ხელის მოწერა, ისევე, როგორც Prosperity Package-ს. თუმცა ამერიკულმა მხარემ განაცხადა: “არა, ეს მოხდება მხოლოდ ომის დასრულების მომენტში.” მე ვთქვი, რომ ეს გარანტიები არ ამოქმედდება, ამისი ნურავის შეეშინდება. ისინი ამოქმედდება, როცა კონგრესი უყრის კენჭს და კონგრესი კენჭს უყრის ომის დასრულების შემდეგ.“


„გარანტიები ჩვენ გვეძლევა სწორედ მას შემდეგ, როცა დონბასიდან გამოვალთ. ეს არის ახლა ომის დასრულების პირობა.

...ამიტომაც, არავისთვის არაფერი მომიტყუებია. სიმართლე გითხრათ, არ მაქვს ასეთი ტრადიცია. უბრალოდ, შესაძლებელია, ეს აღქმული იყო ისე, თითქოს ამერიკელები ახორციელებენ ზეწოლას, რომ ჩვენ გამოვიდეთ [დონბასიდან] და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვცემენ უსაფრთხოების გარანტიებს. არ ვამბობ, რომ ისინი ახორციელებენ ჩვენზე ზეწოლას. ეს არასდროს მითქვამს არც საჯაროდ და არც სხვაგვარად. ისედაც ყველას გვესმის, რაც ხდება. გონიერ ადამიანებს არ სჭირდებათ გამეორება. ყველა ხედავს, ვინ არის ამ ვითარებაში აგრესორი. ყველა ხედავს, ვინ ახორციელებს ამ ვითარებაში ზეწოლას. ყველა ხედავს, ვინ ვისზე ახორციელებს ზეწოლას,“ - განუცხადებია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სააგენტო "უნიანის" მიერ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ.