კალასმა რუბიოს მიმართა, როდის გააძლიერებს აშშ რუსეთზე ზეწოლას: AXIOS-ი სამიტის დეტალებზე

გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ონფორმაციას, რომ პარიზში, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის კამათი იყო.


გამოცემის ცნობით, პარასკევს, საფრანგეთში გამართულ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰკითხრა, თუ როდის გააძლიერებს აშშ რუსეთზე ზეწოლას.


წყაროების ინფორმაციით, კალასმა რუბიოს გასულ წელს „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გაკეთებული განცხადება შეახსენა, როდესაც რუბიომ პირობა დადო, რომ თუ რუსეთი ომის დასრულების მცდელობებს ხელს შეუშლიდა, მაშინ ვაშინგტონი გადამწყვეტ ზომებს მიიღებდა.


„ერთი წელი გავიდა და რუსეთს ნაბიჯი არ გადაუდგამს. როდის ამოიწურება თქვენი მოთმინება?“, - განუცხადა კალასმა რუბიოს პარიზში გამართულ შეხვედრაზე.


გამოცემა წერს, რომ კალასის შეკითხვამ რუბიო გააღიზიანა და მას ხმამაღლა უპასუხა.


„ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, რათა ეს ომი დავასრულოთ. თუ ფიქრობთ, რომ ამის უკეთ გაკეთება შეგიძლიათ, მაშინ ეს თქვენ გააკეთეთ. ჩვენ გვერდზე გავდგებით,“ - უპასუხა რუბიომ.


გამოცემის წყაროების განცხადებით, ვითარების დამშვიდების მიზნით რუბიოსა და კალასს შორის შეხვედრის ბოლოს ცალკე საუბარი შედგა.


„ეს მოსაზრებების გულწრფელი გაცვლაა. დიპლომატია სწორედ ამისთვის არსებობს,“ - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Axios-სთან საუბარში.

„კალასის პრესსპიკერმა კომენტარზე უარი განაცხადა,” - იტყობინება Axios.


გავრცელებული ცნობით, ლიდერების საუბარში ჩაერთო „დიდი შვიდეულის“ სამიტის რამდენიმე მონაწილე, მათ განაცხადეს, რომ კვლავ სურთ, აშშ-მა გააგრძელოს დიპლომატიური ძალისხმევა რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე.


Reuters-ი წერს, რომ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან გამართული „დიდი შვიდეულის“ შეხვედრა გამოიყენეს იმის გასახმოვანებლად, რომ რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთის ომში აშშ-ის ძალებზე თავდასხმაში ეხმარება.


Reuters-ს ორმა დასავლურმა უსაფრთხოების წყარომ და თეირანთან დაახლოებულმა რეგიონულმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ მოსკოვი თეირანს თანამგზავრული ფოტოებით ამარაგებდა და ასევე ეხმარებოდა ირანს დრონების განახლებაში. სხვა მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთი ეხმარება ირანს შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან კონფლიქტში, ისევე როგორც თეირანი მოსკოვს დაეხმარა უკრაინის წინააღმდეგ ომში. 


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა 26 მარტს განაცხადა, რომ რუსეთი „ეხმარება ირანს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაში და მხარს უჭერს თეირანს დრონებით, რათა მას შეეძლოს მეზობელ ქვეყნებსა და აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმა.


Axios-ის სტატიაში მითითებულია რუბიოს კიდევ ერთი განცხადება, რომლის მიხედვითაც, აშშ ცდილობდა ორივე მხარესთან [უკრაინა და რუსეთი] დალაპარაკებას, თუმცა “ეხმარებოდა მხოლოდ ერთ მხარეს - უკრაინას - იარაღით, დაზვერვითა და სხვა მხარდაჭერით.”