აშშ-მა პირობა დადო, რომ უკრაინისთვის განკუთვნილ იარაღს ახლო აღმოსავლეთში არ გადაამისამართებენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიგამ უკრაინულ გამოცემა „უკრინფორმთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 27 მარტს საფრანგეთში გაიმართა, ამერიკულმა მხარემ პირობა დადო, რომ PURL პროგრამით უკრაინისთვის შეძენილი იარაღის ახლო აღმოსავლეთში გადამისამართებას არ გეგმავს.
„სახელმწიფო მდივან რუბიოს დონეზე იყო ნათქვამი - არაფერი არსად არ გადამისამართებულა ამ პროგრამიდან სხვა გეოგრაფიულ კუთხეებში და იმ ფონდებიდან, იმ აღჭურვილობიდან, რომელიც უკრაინისთვისაა განკუთვნილი. ამ მომენტისთვის არ არის გეგმები გადამისამართებაზე,“ - განაცხადა სიბიგამ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს მოკავშირეები, რომ უახლოეს თვეებში, შესაძლოა, უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება შეწყდეს. გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონი პრიორიტეტს ამ იარაღის ახლო აღმოსავლეთში გამოყენებას ანიჭებს.
„ეს ჯერ არ მომხდარა. ჯერ არაფერი გადამისამართებულა, მაგრამ შესაძლებელია. მინდა ნათლად განვაცხადო, თუ შეერთებულ შტატებს სამხედრო საჭიროება ექნება, იქნება ეს ჩვენი მარაგების შევსება თუ შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე მისიის შესრულება, ჩვენ ყოველთვის პირველ ადგილზე ვიქნებით,“ - აღნიშნა რუბიომ.