აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება სურს და შტატებს შეუძლია, ხარგის კუნძულიც დაიკავოს, რომელიც საწვავის მთავარი საექსპორტო ჰაბია.
აშშ-ის პრეზიდენტმა ირანულ ნავთობთან დაკავშირებული სიტუაცია შეადარა ვენესუელისას, როცა ამ ქვეყნის მმართველ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ 2026 წლის იანვარში ჩატარებული სამხედრო ოპერაციისა და მისი დაპატიმრების შემდეგ ამ ქვეყნის ნავთობის მრეწველობის გაკონტროლება გადაწყვიტა.
„სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი საყვარელი რამ ირანში ნავთობის აღებაა, მაგრამ აშშ-ში ზოგიერთი სულელი ადამიანი ამბობს: „რატომ აკეთებ ამას?’ თუმცა ისინი უბრალოდ სულელი ადამიანები არიან“, - განაცხადა ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში.
აშშ-ის ლიდერის თქმით, ეს ნაბიჯი შეიძლება, ხარგის კუნძულის აღებას ნიშნავდეს. Financial Times-ი წერს, რომ ხარგზე თავდასხმა სარისკოა, რადგან ეს გაზრდიდა ამერიკელ სამხედროებში დანაკარგების შესაძლებლობას, ომს გააგრძელებდა და ხარჯებსაც გაზრდიდა.
„შესაძლოა, დავიკავოთ ხარგის კუნძული, შესაძლოა, არა. ჩვენ ბევრი ვარიანტი გვაქვს. ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ [ხარგის კუნძულზე] გარკვეული ხნით უნდა დავრჩეთ,“ - აღნიშნა ტრამპმა.
კუნძულზე ირანის თავდაცვის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, ტრამპმა განაცხადა: „არა მგონია, რომ მათ რაიმე თავდაცვა ჰქონდეთ. ჩვენ შეგვიძლია მისი აღება ძალიან მარტივად.“
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-სა და ირანს შორის პაკისტანელი „ემისარების“ მეშვეობით არაპირდაპირი მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, თუმცა, არ დააკონკრეტა, შესაძლებელია თუ არა უახლოეს დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა.
„დარჩენილია დაახლოებით 3000 სამიზნე - ჩვენ 13000 სამიზნე დავბომბეთ - და კიდევ რამდენიმე ათასი სამიზნე დარჩა, შეთანხმების მიღწევა საკმაოდ სწრაფად შეიძლება,“ - აღნიშნა ტრამპმა.
გასულ კვირაში მედიასაშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანს პაკისტანის შუამავლობით გადასცა 15 პირობა, მათ შორის, ბირთვულ იარაღზე უარის თქმა, სარაკეტო პროგრამის შეზღუდვა და ჰორმუზის სრუტის გახსნა, რომელთა შესრულების შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება, მაგრამ ირანმა ეს უარყო და თავისი პირობები წამოაყენა.
ტრამპი მიიჩნევს, რომ ირანში რეჟიმი უკვე შეიცვალა მას შემდეგ, რაც სამხედრო ოპერაციის შედეგად მოკლეს უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და ბევრი სხვა მაღალჩინოსანი და ის ხალხი, ვისთანაც დღეს საქმე აქვთ, ადამიანების სულ სხვა ჯგუფია და პროფესიონალები არიან.
ტრამპმა Financial Times-ს განუცხადა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი, რომელიც „გაქრა" ან მკვდარია, ან მძიმე მდგომარეობაშია.
ირანის ხელისუფლებამ მარტის პირველ ნახევარში დაადასტურა მოჯთაბა ხამენეის დაჭრის ფაქტი, თუმცა თეირანის თანახმად, თავს კარგად გრძნობს.
29 მარტს ამერიკულმა გამოცემა Washington Post-მა დაწერა, რომ პენტაგონი ემზადება ირანში სახმელეთო ოპერაციისთვის და თუ პრეზიდენტი ტრამპი ამ გეგმას დაამტკიცებს, ეს იქნება ომის ახალი ეტაპი და ამერიკული ჯარებისთვის გაცილებით სახიფათო, ვიდრე სამხედრო ოპერაციის პირველი ოთხი კვირა. ირანის ხელისუფლება განადგურებით დაემუქრა ამერიკელ სამხედროებს, თუ ისინი ირანის მიწაზე ფეხს დადგამენ.
28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ „მასშტაბური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყეს. საპასუხოდ, სპარსეთის ყურეში აშშ-ის პარტნიორი ქვეყნები ირანის მხრიდან დრონებით და რაკეტებით შეტევის სამიზნედ იქცნენ.