ესპანეთმა თავისი საჰაერო სივრცე დახურა ირანზე თავდასხმებში ჩართული აშშ-ის თვითმფრინავებისთვის.
ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა განაცხადა. მინისტრის განმარტებით, ესპანეთმა „ეს თავიდანვე ნათლად განუცხადა ამერიკის მთავრობას.“
მადრიდმა აკრძალა როტის (კადისის პროვინცია) და მორონ-დე-ლა-ფრონტერის (სევილიის პროვინცია) ბაზების გამოყენება იმ ავიაგამანადგურებლებისა და საწვავის შემავსებელი თვითმფრინავებისთვის, რომლებიც ირანზე თავდასხმებში მონაწილეობენ.
ესპანური გამოცემა „ელ პაისის“ ცნობით, ესპანეთის საჰაერო სივრცეში შესვლა ასევე აკრძალული აქვთ იმ ამერიკულ თვითმფრონავებს, რომლებიც მესამე ქვეყნებში, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ან საფრანგეთში არიან ბაზირებულნი. გამონაკლისს წარმოადგენს საგანგებო სიტუაციები, როდესაც ამ თვითმფრინავებისთვის ესპანეთის საჰაერო სივრცეში შესვლა ან ესპანეთში დაშვება ნებადართული იქნება.
აშშ-ის მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა, მაგრამ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ესპანეთისადმი კრიტიკული განცხადებები უფრო ადრე გააკეთა, როდესაც სრული სავაჭრო ემბარგოს დაწესების მუქარით გამოვიდა.
თებერვლის ბოლოს ომის დაწყებიდან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი იყო აშშ-სა და ისრაელის ირანზე თავდასხმების ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მოწინააღმდეგე.
მარტის დასაწყისში სანჩესმა განაცხადა, რომ ესპანეთმა უარყო აშშ-ის მიერ ანდალუსიაში როტასა და მორონში ერთობლივად მართული ორი სამხედრო ბაზის გამოყენება.
„ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა, რომელსაც არ სურს უკანონო ომებში მონაწილეობა,“ - განაცხადა პედრო სანჩესმა.
28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ „მასშტაბური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყეს. საპასუხოდ, სპარსეთის ყურეში აშშ-ის პარტნიორი ქვეყნები ირანის მხრიდან დრონებით და რაკეტებით შეტევის სამიზნედ იქცნენ.