ტრამპი დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებს ჰორმუზის სრუტიდან საკუთარი ნავთობის გატანას ურჩევს

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, საფრანგეთმა ისრაელისკენ მიმავალ ამერიკულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მისცა.


დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „საფრანგეთმა ისრაელისკენ მიმავალი სამხედრო აღჭურვილობით დატვირთული თვითმფრინავების საფრანგეთის ტერიტორიაზე გადაფრენა არ დაუშვა.“


„საფრანგეთმა მხარი არ დაგვიჭირა „ირანის ჯალათთან“ დაკავშირებით, რომელიც წარმატებით იქნა ლიკვიდირებული! აშშ ამას დაიმახსოვრებს,“ - წერს ტრამპი Truth Social-ზე.


ამასთან, ტრამპი ისეთ ქვეყნებს, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, სთავაზობს, „მოიკრიბონ დაგვიანებული დაგამბედაობა, რათა გავიდნენ ჰორმუზის სრუტეში და „უბრალოდ აიღონ“ საწვავი.“


„მივმართავ ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც ჰორმუზის სრუტის გამო რეაქტიული საწვავის მიღება არ შეუძლია, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოს, რომელმაც უარი თქვა ირანის თავის მოკვეთაში მონაწილეობაზე, თქვენთვის რჩევა მაქვს: პირველი, იყიდეთ აშშ-სგან, ჩვენ ბევრი გვაქვს და მეორე, მოიკრიბეთ ცოტაოდენი გამბედაობა, წადით სრუტეში და უბრალოდ აიღეთ ის,“ - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.


აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამ ქვეყნებს საკუთარი თავისთვის ბრძოლის სწავლა მოუწევთ.


„მოგიწევთ ისწავლოთ, როგორ იბრძოლოთ საკუთარი თავისთვის, აშშ აღარ იქნება იქ, რომ დაგეხმაროთ, ისევე როგორც თქვენ არ იყავით იქ ჩვენთვის. ირანი, ფაქტობრივად, განადგურებულია. რთული ნაწილი დასრულებულია. წადით და წამოიღეთ თქვენი ნავთობი!,“ - წერს ტრამპი.


პარალელურად, დუბაის მახლობლად, ქუვეითის ნავთობტანკერზე დარტყმაში ოფიციალური პირები ირანს ადანაშაულებენ. ხსენებულ ნავთობტანკერს მილიონობით ბარელი ნედლი ნავთობი გადაჰქონდა.

BBC-ის ცნობით, ომის ხუთი კვირის განმავლობაში ათასობით ადამიანი დაიღუპა - მათი დიდი უმრავლესობა ირანსა და ლიბანში.


28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ „მასშტაბური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყეს. საპასუხოდ, სპარსეთის ყურეში აშშ-ის პარტნიორი ქვეყნები ირანის მხრიდან დრონებით და რაკეტებით შეტევის სამიზნედ იქცნენ.