პოლონეთის პრემიერმა გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ განაცხადა, რომ ორბანი და სიიარტო პოლიტიკურად დამოკიდებული არიან მოსკოვზე.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ირლანდიელ კოლეგასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტრაგედია იმაშია, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობამ - თავად ორბანმა და მინისტრმა სიიარტომ - ფაქტობრივად დატოვეს ევროკავშირი.
„რაც მოვისმინეთ, რასაც უკვე ვეჭვობდით, ვიქტორ ორბანის მთავრობისა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი სიიარტოს, მოსკოვზე ღრმად შემაშფოთებელი პოლიტიკური დამოკიდებულების, უბრალოდ დადასტურებაა.
დიდი ხანია, არ მომისმენია, თუ ოდესმე მომისმენია, ასეთი გულდასაწყვეტი რამ. რაც ამ ჩანაწერებმა გამოავლინა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ბუდაპეშტის მოსკოვზე პოლიტიკური დამოკიდებულება; ამან გამოააშკარავა რეალურად რამდენად მიუღებელი და უცნაურია ეს ურთიერთობები.
ევროპული ქვეყნის, ევროკავშირის წევრის, საგარეო საქმეთა მინისტრი ანგარიშს აბარებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დავალების შესრულებაზე და მოთმინებას სთხოვს, ვინაიდან, იცის, რომ კიდევ რამდენიმე დავალება უნდა შეასრულოს?! რთულია ვინმემ რამე უფრო გულისამრევი წარმოიდგინოს. სრულიად მადისკვალიფიცირებელია…
პოლონეთს უყვარს უნგრეთი, და პოლონელებს უყვართ უნგრელები; ჩვენმა მეგობრობამ ათწლეულები და საუკუნეები გაძლო. ამიტომაა ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ უნგრეთში ყველამ გაიგოს ეს: ჩვენი მხრიდან არაფერი შეცვლილა. გვიხარია ევროპული საზოგადოების ნაწილად ყოფნა უნგრელ ხალხთან ერთად.
ტრაგედია იმაშია, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობამ - ნამდვილად თავად ორბანმა და მინისტრმა სიიარტომ - ფაქტობრივად დატოვეს ევროკავშირი დიდი ხნის წინ”, - განაცხადა ტუსკმა.
თავის მხრივ, ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მაიკლ მარტინმა სიიარტოს ლავროვთან საუბრის ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა, რომ “ეს მიუღებელია” და აღნიშნა, რომ “ეს ადასტურებს ბევრის ეჭვს, რომ უნგრეთის მთავრობა დიდი ხანია რუსეთის საქმეს აკეთებს ევროკავშირში”.
ამერიკული გამოცემა Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ სიიარტო ევროპული საბჭოს შეხვედრებიდან კონფიდენციალურ ინფორმაციას რუს კოლეგას სერგეი ლავროვს უზიარებდა, რასაც სიიარტომ "ცრუ ინფორმაცია" უწოდა. მისი თქმით, ეს ინფორმაცია არჩევნების წინ ოპოზიციონერი პეტერ მაგიარის პარტიის მხარდაჭერის გასაზრდელად გავრცელდა. მოგვიანებით მან დაადასტურა, რომ ლავროვთან სატელეფონო ზარები შედგა.
ამასთან, გამოცემა VSquare ავრცელებს ინფორმაციას, რომ უნგრეთი კრემლთან თანამშრომლობდა, რათა რუს ოლიგარქებზე, კონპანიებსა და ბანკებზე ევროკავშირის სანქციები მოეხსნა.
VSquare ავრცელებს სატელეფონო ზარის ჩანაწერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოს და მისი რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის შორის.
ჩანაწერში ლავროვი სიიარტოს ეუბნება, რომ რუს ოლიგარქს ალიშერ უსმანოვს, მისი დის ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღება სურს და სიიარტოს სთხოვს, რომ დაეხმაროს.
ჩანაწერის მიხედვით, სიიარტო თანხმდება და პასუხობს: "საქმე შემდეგშია - სლოვაკებთან ერთად ჩვენ ევროკავშირს წარვუდგენთ წინადადებას მისი სიიდან ამოღების შესახებ. ჩვენ მას მომავალ კვირას წარვადგენთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის სიიდან ამოიღონ."
სატელეფონო ზარის განამვლობაში ლავროვი და სიიარტო ასევე აკრიტიკებენ ევროკავშირის მაშინდელ უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს. ლავროვი მას "უდიდეს იმედგაცრუებას," სიიარტო კი "ევროპელ ბაიდენს" უწოდებს.
ზარის ბოლოს, სიიარტო საუბრობს გაზპრომის ახალ შტაბ-ბინაზე, რომელიც რუსეთში ყოფნისას მოინახულა და ლავროვს ეუბნება: "მე ყოველთვის თქვენს განკარგულებაში ვარ."