შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ის მტკიცედ განიხილავს შეერთებული შტატების გაყვანას NATO-დან მას შემდეგ, რაც მოკავშირეებმა მხარი არ დაუჭირეს ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს. შესაბამის ინფორმაციას ბრიტანული „ტელეგრაფი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტრამპმა ალიანსს „ქაღალდის ვეფხვი“ კიდევ ერთხელ უწოდა და განაცხადა, რომ დიდი ხანია, ეჭვქვეშ აყენებს ალიანსის სანდოობას.
კითხვას, გადახედავდა თუ არა ის ალიანსში შეერთებული შტატების წევრობის საკითხს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდეგ, ტრამპმა უპასუხა: „დიახ, მე ვიტყოდი, რომ ეს გადახედვას ექვემდებარება.“
„NATO არასდროს მხიბლავდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ისინი „ქაღალდის ვეფხვები“ იყვნენ. სხვათა შორის, ეს პუტინმაც იცის,“ – აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ თუ აშშ ვერ გამოიყენებს ბაზებს, რომელიც სჭირდება, მაშინ NATO ცალმხრივ ქუჩად იქცევა.
„რატომ ვართ NATO-ში, თუ ასეთი საჭიროების დროს, ამ ბაზების გამოყენება არ შეგვიძლია?
მისი განცხადებით, ირანთან ომის შემდეგ ვაშინგტონს NATO-სთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს. რუბიოს თქმით, ირანსა და აშშ-ს შორის შეტყობინებების გაცვლა მიმდინარეობს და არსებობს პოტენციალი, რომ ორ მხარეს შორის გარკვეულ მომენტში „პირდაპირი შეხვედრა“ შედგეს.
„საბოლოო ჯამში, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და მან თავად უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, მოგვიწევს გადახედვა, ემსახურება თუ არა ეს ალიანსი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში კარგად ემსახურებოდა ამ ქვეყანას, კვლავ ამ მიზანს, თუ ის ახლა ცალმხრივ ქუჩად იქცა, სადაც ამერიკა უბრალოდ ევროპის დასაცავად დგას, მაგრამ როდესაც ჩვენი მოკავშირეების დახმარება გვჭირდება, ისინი გვიკრძალავენ ბაზების გამოყენების უფლებას და გვიკრძალავენ ფრენას,“ - აღნიშნა რუბიომ.
შეგახსენებთ, ევროპელმა ლიდერებმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმებში პირდაპირ ჩართვაზე უარი განაცხადეს.