ზელენსკი აცხადებს, რომ ერდოღანთან შეხვედრისას, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალ ნაბიჯებზე შეთანხმდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმი ზელენსკიმ სტამბოლში შეხვედრა გამართეს. ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეხვედრისას ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.


„შევთანხმდით უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალ ნაბიჯებზე. ეს, პირველ რიგში, ეხება იმ სფეროებს, სადაც შეგვიძლია თურქეთის მხარდაჭერა: ექსპერტიზას, ტექნოლოგიას და გამოცდილებას. არსებობს მტკიცე პოლიტიკური მზაობა ერთად მუშაობისთვის და ჩვენი გუნდები დეტალებზე მუშაობას უახლოეს დღეებში დაასრულებენ.


ასევე განვიხილეთ პრაქტიკული ნაბიჯები გაზის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად, ასევე — გაზის საბადოების ერთობლივი განვითარების შესაძლებლობები.


მადლობელი ვარ თურქეთის პრეზიდენტისა და ხალხის ჩვენი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მუდმივი მხარდაჭერისთვის.


ვაფასებთ წლების განმავლობაში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ვიმუშაოთ მართლაც მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც მთელი ჩვენი რეგიონის გაძლიერებას შეუწყობს ხელს,“ - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.


თურქული მხარის ცნობით, ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ანკარის მხარდაჭერა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მიმართ და ხაზი გაუსვა, რომ რეგიონს მეტი მშვიდობა და სტაბილურობა სჭირდება.


ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციას და ხაზი გაუსვა ენერგომომარაგების უსაფრთხოების მნიშვნელობას.


ერდოღანმა ასევე დააფიქსირა თურქეთის მზადყოფნა, გააძლიეროს ორმხრივი ვაჭრობა უკრაინასთან და აღნიშნა, რომ ანკარა გააგრძელებს ამ მიზნის მისაღწევად საჭირო ნაბიჯების გადადგმას.


ერდოღანმა ასევე გამოთქვა კმაყოფილება უკრაინის მცდელობების მიმართ, გააძლიეროს ურთიერთობები სპარსეთის ყურის ქვეყნებთან.


შეხვედრა მას შემდეგ გაიმართა, რაც პარასკევს, 3 აპრილს ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თურქული მედიის ცნობით, ეს კომუნიკაცია უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მიმდინარე ძალისხმევის ფარგლებში გაიმართა.