თურქეთის ხელისუფლებამ დაადგინა სამი თავდამსხმელის ვინაობა, რომლებმაც დღეს სტამბოლში, ისრაელის საკონსულოსთან ახლოს პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მუსტაფა ჩიფჩიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი ინფორმაციით, ერთ-ერთ თავდამსხმელს კავშირი ჰქონდა ორგანიზაციასთან, რომელიც რელიგიას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.
„ტერორისტების ვინაობა დადგენილია. დადგინდა, რომ იზმითიდან დაქირავებული ავტომობილით სტამბოლში ჩასულ ერთ-ერთ პირს კავშირი ჰქონდა ორგანიზაციასთან, რომელიც რელიგიას ექსპლუატაციას უწევს,“ - წერს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.
თავდამსხმელებიდან ორი ძმები იყვნენ, რომელთაგან ერთი წარსულში ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეზე იყო ნასამართლევი.
ჯერ კიდევ გაურკვეველია, იყო თუ არა თავდამსხმელების სამიზნე ისრაელის საკონსულო.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ორი პოლიციელი დაიჭრა და თავდამსხმელები იდენტიფიცირებულები არიან.
ერთი თავდამსხმელი მოკლეს, ორი განეიტრალებულია.
საქმეს სტამბოლის პროკურატურა იძიებს.
სტამბოლში ისრაელის საკონსულო ორ წელზე მეტია დაკეტილია.
თურქეთს და ისრაელს შორის ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა მას შემდეგ, რაც ისრაელზე ჰამასის თავდასხმის პასუხად, 2023 წლის ოქტომბერში ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ერდოღანმა ნეთანიაჰუს ომის დანაშაულში დასდო ბრალი.